„ნაციონალების“ დროს მთავრობის წარმომადგენლები ხოცავდნენ ადამიანებს, სისხლიანო რეჟიმო, ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა გაქვთ? თქვენ საქართველოს ჰაერს არ უნდა სუნთქავდეთ -მიხეილ ართმელაძე

24
spot_img

მე თანამდებობის პირებმა მომიკლეს შვილი, ჯალათებმა ჩემს შვილს ჩემს ოჯახში მოატანინეს ორმაგი ტრაგედია, ორმაგი ტკივილი სიკეთის ნაცვლად, – ამის შესახებ 2006 წელს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლულის, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალების“ დროს  მთავრობის წარმომადგენლები ხოცავდნენ ადამიანებს.

„მეუბნებიან, ნუთუ, ამ ხელისუფლების პერიოდში რაიმე მკვლელობები არ არის? ამაზე პასუხს ვცემ და ვკამათობთ, დამიმტკიცეთ ხელისუფლების ისეთი წარმომადგენელი, რომელიც აიღებს ავტომატს და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ინადირებს, საკუთარ მოქალაქეებს დახოცავს. მთელ ხელისუფლებას ავტომატი ჰქონდა დაკავებული და ატრიალებდა მოქალაქეების მისამართით. მე თანამდებობის პირებმა, ჯალათებმა, იგივე „დედიკოს ბიწებმა“ მომიკლეს შვილი. ამაზე პასუხი არ აქვთ. „ნაციონალების“ დროს თვითონ მთავრობის წარმომადგენლები ხოცავდნენ ადამიანებს და ამაზე პასუხი არ აქვთ. ეს ვისი ბრალია? არ მინდა, დავმალო, კაფე-ბარში გამოთვრება პიროვნება, გამოვა ქუჩაში და ვიღაც მშვიდობიან მოქალაქეს დანას დაარტყამს, იმსხვერპლებს და მთავრობაა ამაში დამნაშავე. მინდა, სწორად გაიგოს საზოგადოებამ. მეხუთე ნომრები რამდენად მავნებლები არიან და დღეს კიდევ ვერ ითავისებენ იმას, რომ სისხლიან რეჟიმს გვერდით უდგანან.

სისხლიანო რეჟიმო, თქვენი მისამართით, ტრიბუნიდან ვამბობ, არ მეშინია, ჯალათებო, თქვენ შვილებს ლოყებზე კოცნით, ჩვენ ჩვენ შვილებს საფლავებზე ვკოცნით. ეს გაითავისეთ. მორალ-ღირსება დაკარგულებო, რამდენი უდანაშაულო დედა შავებით შემოსეთ, მოუსწრაფეთ სიცოცხლე, რამდენი უდანაშაულო ოჯახი გააპარტახეთ და გაანადგურეთ. ჯალათებო, მორალ-ღირსება დაკარგულებო, კიდევ პოლიტიკაში შემოდიხართ და ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა გაქვთ?! ნუთუ, მორალი არ გაგაჩნიათ. თქვენს ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ზედმეტია საუბარი, საქართველოს ჰაერი არამია თქვენთვის, არ უნდა სუნთქავდეთ. თქვენ უნდა გადაიკაროთ ჯოჯოხეთში. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი გამშფრავს, მე რას ვამბობ. ჩემი ოჯახის თამადობით, რამდენი უდანაშაულო ოჯახი გააპარტახეს. მე განადგურებული ოჯახი ვარ. ჩემი შვილი სწავლობდა სამედიცინოზე, დღეს ექიმი იქნებოდა. ნუთუ, ჩემი შვილი მისი სიცოცხლის განმავლობაში ოჯახს სიკეთეს არ მოუტანდა? ახლა ჩემმა 23 წლის შვილმა 54 წლის დედა შეიწირა, ჩემი მეუღლე შეიწირა, დასაფლავებულია. ამიტომ იმ ჯალათებმა ჩემს შვილს ჩემს ოჯახში მოატანინეს ორმაგი ტრაგედია, ორმაგი ტკივილი სიკეთის ნაცვლად. ჩემ შვილს თავი გაკვეთილი ჰქონდა, ამოღებული იყო ყველაფერი, გულ-მკერდი გაჭრილი ჰქონდა, გაკერილი იყო თეთრი თოკით. ცარიელი „ფუტლარი“ მომიყვანეს. სააკაშვილის გუნდმა, ჯალათებმა გამიპარტახეს ოჯახი“, – განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.