
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) რიგით მეოთხე სამეთაურო-საშტაბო „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სწავლების ხელმძღვანელმა, JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო დაფები გადასცა.
„„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში, აღმოსავლეთის სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულს „ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასების და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP)” სერტიფიკატი მიენიჭა და დადებითი შეფასება მიიღო. ნატო-ს გაძლიერებული ძალების თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, IV ქვეით ბრიგადაში გაფორმდა.
„ნატო-საქართველოს სწავლების“ სამეთაურო-საშტაბო ნაწილში ინტეგრირებული იყო საველე კომპონენტიც, რაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენდა JTEC-ის შესაძლებლობებს მართვისა და კონტროლის მიმართულებით და ხელს უწყობდა კოორდინაციის დახვეწას. სწავლების აღსრულების პროცესში ჩართული იყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული 6 ინიციატივა: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), სამხედრო-საინჟინრო, სამხედრო პოლიცია, სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, სპეციალური ოპერაციების ძალები და სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია. SNGP-ს ინიციატივების ფარგლებში ნატო-ს ქსპერტების მიერ საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფზე ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით დაკვირვება განხორციელდა. ნატო-ს ექსპერტები სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის შტაბისა და ოცეულის უსაფრთხოების ამოცანების შესრულებას, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის ფეთქებადი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის (EOD) ოცეულის ტაქტიკურ წვრთნასა და სპეციალური ოპერაციების ბატალიონის შტაბისა და მეკავშირე ელემენტის ოპერატიულ შესაძლებლობებს დააკვირდნენ.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ ნატო-ს ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბისა (SHAPE) და საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მიერ დაიგეგმა და ნატო-ს მიერ შედგენილი სცენარით, შესაბამისი პროცედურებისა და დოქტრინების დაცვით ჩატარდა. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყანა მონაწილეობდა. სწავლებაში ჩაერთო ასევე, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და ქვედანაყოფი“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.