ნატო-მ რუსეთს მოუწოდა, დაუბრუნდეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას

97
spot_img

ნატო-მ მოუწოდა რუსეთს, დაუბრუნდეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას, – ამის შესახებ ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული.

ნატო-ს წევრი ქვეყნები გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, რომელიც აწესებს იურიდიულად სავალდებულო შეზღუდვებს წევრი ქვეყნების სამხედრო იარაღის ძირითად კატეგორიებზე.

ალიანსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში არ იცავდა CFE-ის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ  და ბელარუსის თანამონაწილეობა ეწინააღმდეგება ხელშეკრულების მიზნებს.

„რუსეთის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსკოვის მიერ შეიარაღების კონტროლის უგულებელყოფას, მათ შორის, ურთიერთგაგების, გამჭვირვალობის, შესაბამისობისა და გადამოწმების მიმართ. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ რუსეთს, შეასრულოს ხელშეკრულებით დადგენილი წესები. მოკავშირეები მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს ვალდებულებები და გამოიყენოს დარჩენილი დრო გადაწყვეტილების მისაღებად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები თვლიან, რომ რუსეთის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება ძირს უთხრის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.

„ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს CFE-ის ხელშეკრულებიდან რუსეთის გასვლის შედეგებისა და ალიანსის უსაფრთხოებაზე მისი გავლენის თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.