ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ნამდვილად სურს თუ არა ამერიკას უკრაინის რუსეთზე გამარჯვება?“ (ავტორი – დევიდ ბრენანი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინა 2023 წლის საომარი მოქმედებების სეზონს შეუსრულებელი მოლოდინებისა და განუხორციელებელი გეგმების ტვირთის ქვეშ ამთავრებს: უკრაინელი ჯარისკაცებისა და მოქალაქეების მახსოვრობაში 2023 წელი არასასიამოვნო მოგონებების წლად დარჩება – დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა, რაც, საბოლოო ჯამში ქვეყნის არმიის სარდალმა ვალერი ზალუჟნიმაც აღიარა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
კიევი მთელი ძალისხმევით ცდილობს დასავლელი მოკავშირეების სიმპათიები შეინარჩუნოს და მათ ერთიანობაში უთანხმოება არ დაუშვას. მაგრამ ოდესღაც მონოლითური დასავლეთის სიმტკიცეში ბზარები გაჩნდა, რომლებიც სულ უფრო ფართოვდება. ევროპაში მომრავლდნენ ულტრმემარჯვენე ლიდერები, რომლებიც ანტიუკრაინულ პოზიციებს ამჟღავნებენ და ქვეყნის ლიდერები ხდებიან, აშშ-ში კი უკროსკეპტიციზმი ძლიერდება – ეს ფაქტორი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც ჩანს, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. „უკრაინელები აშკარად ხედავენ მოკავშირეების გაუბედაობას და შეშფოთებას ომის შესაძლო ესკალაციის გამო. უკრაინელები ხედავენ, რომ დასავლეთს რუსეთის პროვოცირება არ სურს“, – ამბობს Newsweek-თან ინტერვიუში დენიელ ვეიდაჩი, კომპნია Yorktown Solutions-ის ხელმძღვანელი, რომელიც ვაშინგტონში უკრაინის ინტერესების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტად ითვლება. „ამერიკა ფრთხილად მოქმედებს, რის გამოც კიევს ეჭვნარევი კითხვები უჩნდება: მართლაც სურს ვაშინგტონს, რომ უკრაინამ რუსეთზე გაიმარჯვოს? დიდი ალბათობით, პასუხი ასეთი იქნება: არ სურს. იმიტომ, რომ თუ უკრაინა გამარჯვებს, დამარცხებულ რუსეთში შეიძლება დიდი არეულობა დაიწყოს“, – ამბობს დენიელ ვეიდაჩი.
თეთრი სახლი უკრაინის მიმართ გატარებულ პოლიტიკაში თანდათანობის პრინციპს ინარჩუნებს. ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, თუ უკრაინას ძალიან ბევრს ძალიან სწრაფად მისცემენ, არავინ იცის, როგორ ისარგებლებს ამით უკრაინა. შესაძლოა ისეთი ესკალაცია მოხდეს, რომ კარიბის კრიზისი მონაგონი იქნება.
დასავლურ პრესაში გახშირდა პუბლიკაციები, რომ უკრაინა, ზამთრის დადგომისა და წარუმატებელი კონტრშეტევის გამო, შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკებაზე დათანხმდეს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამ ვარაუდებს უარყოფს. კრემლის პოზიციის თანახმად, მოსკოვი ღიაა მოლაპარაკებისათვის, მაგრამ ერთი პირობით: უკრაინამ უნდა აღიაროს რეალური სიტუაცია და შეურიგდეს ტერიტორიულ ცვლილებებს.
დენიელ ვაიდიჩის თქმით, ისეთი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება, რომელსაც უკრაინული საზოგადოება არ მოიწონებს, ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის დასასრულს ნიშნავს – „არჩევნებით ან არჩევნების გარეშე“.
აქსიომაა, რომ უკრაინას არ შეუძლია ბრძოლა დასავლეთის დახმარების გარეშე. დღეს უკრაინის ეკონომიკა დანგრეულია, უკრაინის ბიუჯეტი ძირითადად დასავლურ ფინანსურ გადასხმებზეა დამოკიდებული, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებულ შტატებზე. კიევი ბრიუსელისა და ვაშინგტონის იმედით სულდგმულობს.
ამას წინათ ამერიკელმა ექსპერტებმა რიჩარდ ჰაასმა და ჩარლზ კუპჩანმა ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ წარუმატებელი კონტრშეტევის გამო უკრაინას და მის მოკავშირეებს თავიანთი სტრატეგიის გადაფასება მოუწევთ. ორივე ექსპერტმა Newsweek-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით უკრაინა ახალ რეალობებს კარგად ვერ აცნობიერებს. „უკვე მომწიფთა სიტუაცია, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსია დაიწყოს. ეს აუცილებელია. სამწუხაროდ, კიევმა მსგავს დისკუსიებს ტაბუ დაადო. სწორედ ასეთი მოქმედება უწყობს ხელს ომების დაუსრულებლობას და გაჭიანურებას“, – ამბობს ჩარლზ კუპჩანი.
რიჩარდ ჰაასის მოსაზრებით, შექმნილ სიტუაციაში საჭიროა გარკვეული შუალედის ძიება, რომლის ჩარჩოებში სტრატეგია უნდა შემუშავდეს. მაგალითად, უკრაინა უარს არ ამბობს ტერიტორიების დაბრუნებაზე, მაგრამ ამ პროცესში პაუზას აკეთებს: „შეიძლება პაუზა წლები და ათწლეულები გაგრძელდეს. შეიძლება ეს საკითხი რუსეთში ხელისუფლების ცვლილებამდე გადაიდოს – პოსტპუტინური პერიოდის დადგომამდე, ან სულაც პოსტ-პოსტპუტინურ ეპოქამდე“.
როგორც რიჩარდ ჰაასი ამბობს, სამხედრო ბალანსის გათვალისწინებით, უკრაინა თავის ტერტორიებს სრულად ვერ დაიბრუნებს: „ჩვენ უკვე საომარი მოქმედებების ორწლიანი შედეგების მოწმენი ვართ. ძალიან საეჭვოა, რომ გაისად, სხვა მსოფლიო მოვლენების ფონზე, როცა უკრაინისადმი დასავლეთის ყურადღება სუსტდება, კიევი რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს. ამიტომაც, რუსეთის გეგმების გასანეიტრალებლად, აუცილებელია უკრაინამ შეისვენოს და ძალა მოიკრიბოს“.
„ადრე თუ გვიან, მაგრამ მაინც დადგება მომენტი, როცა უკრაინელები საკუთარ თავს ასეთ კითხვას დაუსვამენ: რა ვაკეთოთ? სავარაუდოდ, ამჟამად ყველაზე გონივრული იქნება უკრაინამ რესურსები დააგროვოს იმ ტერიტორიის აღსადგენად, რომელსაც დღეს თვითონ აკონტროლებს (ანუ ქვეყნის ფართობის 82%).
აშკარაა, რომ ბევრი უკრაინელისათვის მიუღებელია დასავლელი პარტნიორების სავარაუდო მოწოდება სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისათვის, ტერიტორიების დაბრუნების გარეშე – ანუ თუნდაც მოკლევადიან კაპიტულაციაზე. მაგრამ დროა დანაკარგებიც გაანალიზდეს: ზოგიერთი შეფასებით, უკრაინამ ორწლიან საომარ მოქმედებებში 100 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, რაც დემოგრაფიულ კატასტროფას ნიშნავს.
ამასთან, უკრაინელები აცნობიერებენ, რომ დასავლეთი მათი მდგომარეობის გამო დიდ დისკომფორტს განიცდის. დასავლური საზოგადოება ჯერ კიდევ ითმენს და იტანს ამ დისკომფორტს, მაგრამა მათი მოთმენა უსასრულო არ იქნება.
„უკრაინისათვის რუსეთისადმი ნდობა დიდ პრობლემას წარმოადგენს“, – ამბობს „ნიუსვიქთან“ საუბარში ივან სტუპაკი, უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის მრჩეველი, – როგორ უნდა აიძულო რუსეთი, რომ კრემლმა დაპირებული სიტყვა შეასრულოს?“.
რა თქმა უნდა, საქმე არც რუსეთში არ არის კარგად. მიუხედავად იმისა, რომ კრემლის პროპაგანდა რუსეთს ომში წარმატებულ მხარედ წარმოაჩენს, მოსკოვს ბევრი პრობლემა აქვს შექმნილი. ვლადიმერ პუტინმა უკრაინა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა იგი [დასავლეთისაგან] პრიზს ელოდება უკრაინის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის სახით. „კრემლი თვლის, რომ ამჟამად პოლიტიკური სიტუაცია მის სასარგებლოდაა“, – ამბობს რიჩარდ ჰაასი, – მოსკოვი კარგად ხედავს ულტრამემარჯვენე პოპულისტურ ტენდენციებს ევროპაში, კარგად ხედავს აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებს, რომ უკრაინის მიმართ ამერიკელთა მხარდაჭერა სუსტდება… ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინის სტრატეგია ასეთია: „მოდით, ვნახოთ, რა იქნება ერთი წლის შემდეგ“. შეიძლება ითქვას, რომ რუსები სანთელს ანთებენ და დონალდ ტრამპის გამარჯვებისთვის ლოცულობენ“.
ჩარლზ კუპჩანის თქმით, უკრაინამ რუსეთს უნდა მიბაძოს და გრძელვადიანად იმოქმედოს, როგორც ამას ვლადიმერ პუტინი აკეთებს: „კიევმა მოლაპარაკების გზით უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, უნდა აღადგინოს ეკონომიკა (დასავლეთის დახმარებით), დაელოდოს პუტინის წასვლას და ტერიტორიების დაბრუნებაზე იფიქროს. დღეს ჰორიზონტზე მსგავსი იმედი არ ჩანს, მაგრამ მოდით გავიხსენოთ: განა ვინმეს სჯეროდა 35 წლის წინ, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები ნატოს წევრები გახდებოდნენ? არავის არ სჯეროდა, მაგრამ ისინი გახდნენ. აშკარაა, რომ პუტინი ითმენს და იმედი აქვს, დასავლეთი მის პირობებს დათანხმდება. მოდით, როლები გავცვალოთ და ჩვენც დაველოდოთ მის წასვლას“.