
ვხედავთ, რა ტრაურია გამოცხადებული დესტრუქციულ „ენჯეო“ სექტორში იმის გამო, რომ თავიანთი მავნებლობისთვის დაფინანსებას ვერ მიიღებენ, თუმცა ნამდვილად მიკვირს ბრიტანეთის საელჩოს ასეთი გაცხადებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველასთვის ცნობილ დესტრუქციულ „ენჯეოებს“ ვეღარ დააფინანსებენ, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“.
მან აღნიშნა, რომ ის ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსებაც სურთ, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ.
„რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ორგანიზაციების დაფინანსების შესაძლებლობის გაუქმებაზე საუბრობს ბრიტანეთის საელჩო, მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რომ საზოგადოებაში ვინმე ამაზე ინერვიულებს. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გვაქვს მიღებული იდენტური კანონი, იდენტური პრინციპები, რომლებიც სხვა ქვეყნების შემთხვევაში მოქმედებს და, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში დონორებს სურთ თავიანთი თანხების დახარჯვა, ამის მიზნობრიობა აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული და რა თქმა უნდა, უნდა იყოს მთავრობის თანხმობა“, – განაცხადა წილოსანმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში ნახსენებია ეუთო და აღნიშნა, რომ საქმე კვლავ ორმაგ მიდგომასთან გვაქვს.
„როდესაც ვხედავთ ორმაგ მიდგომას – რომ ერთ შემთხვევაში შენი შფოთვის საგანია ჩაერთვება თუ არა ეუთო თვითმმართველობის არჩევნებში, ხოლო მეორე მხრივ ეუთოს დასკვნას არ აღიარებ და ყველა შენი დაფინანსებული „ენჯეოების“ რესურსით ებრძოდე აღნიშნულ დასკვნას და საწინააღმდეგოს ამტკიცებდე, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მიჩნეული მეგობრულ და ობიექტურ ჟესტად“, – დასძინა წილოსანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისი კანონმდებლობის ბოლომდე მიყვანის ვადები დარღვეული არ არის და მთავრობა დეტალური წესების შექმნაზე მუშაობს.
ბრიტანეთის საელჩოს განცხადების თანახმად, მათ უწევთ მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული.