გლობალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბეტ ვან სკააკმა ეჭვი გამოთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის დააპატიმრებენ, ვიდრე ის თანამდებობაზე დარჩება. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ვან სკააკმა გაიმეორა თავისი თეზისი, რომ აშშ მხარს უჭერს ინტერნაციონალიზებული ტრიბუნალის იდეას, რომელიც იქნება უკრაინის სასამართლო სისტემის ნაწილი.
თუმცა, მისი თქმით, ასეთი ტრიბუნალი პუტინის იმუნიტეტს ვერ დაძლევს მანამ, სანამ ის თანამდებობაზე რჩება.
ვან სკააკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელს არ დააპატიმრებენ, ვიდრე ის რუსეთში უმაღლეს თანამდებობას იკავებს.
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე პუტინს დააპატიმრებს მანამ, სანამ ის სახელმწიფოს მეთაურია. თუ ის აღმოჩნდება უცხოური სასამართლოს ან უკრაინის სპეციალური პალატის პატიმრობაში, მაშინ დიდი ალბათობით, ეს იმიტომ მოხდება, რომ ის აღარ იქნება სახელმწიფოს მეთაური”, – აღნიშნა მან.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ “ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დაიწყოთ გამოძიება, მოამზადოთ ბრალდებები პუტინისა და რუსეთის სარდლობის ჯაჭვის სხვა პირების მიმართ”.
ვან სკააკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს პუტინის მიმართ გამოძიება, სანამ ის ხელისუფლებაშია და მზად უნდა იყოს, სწრაფად იმოქმედოს, თუ რუსეთში პოლიტიკური ტრანსფორმაციები დაიწყება და პუტინი დაკარგავს თავის პოზიციასა და იმუნიტეტს.