
როგორ შეუძლიათ დემონსტრანტებს გამარჯვება? – ასეთი სათაურით აქვეყნებს „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის სტატიას გამოცემა Civil.ge.
თორნტონი წერს, რომ ქართველი ხალხი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ევროპულად და დემოკრატიულად მიიჩნევს, უკვე ორი თვეა, პროტესტს გამოხატავს ახალი არჩევნების მოთხოვნით.
„საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელიც ავტორიტეტულმა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ შეაფასეს არც თავისუფლად და არც სამართლიანად, „ქართულმა ოცნებამ“ უკანონოდ მოიწვია პარლამენტი, დანიშნა ახალი პრეზიდენტი და ქვეყანა გამოიყვანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან. აშშ-მა სანქციები დაუწესა საქართველოს მმართველს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს კრემლის ინტერესების სამსახურისთვის, ვინაიან მას სურს, საქართველო გახდეს მორჩილი და დაქვემდებარებული სატელიტი ბელარუსის მსგავსად. ქართველმა ხალხმა, რომელიც საკუთარ ქვეყანას ევროპულად და დემოკრატიულად მიიჩნევს, უარყო ეს დისტოპიური ხედვა და უკვე ორი თვეა, პროტესტს გამოხატავს ახალი არჩევნების მოთხოვნით. საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 300 აწამეს „ქართული ოცნების“ ბანდიტებმა. აქციები გრძელდება და ასევე გრძელდება „ქართული ოცნების“ შეუპოვრობა. ყოველდღიურად მეტ ადამიანს აპატიმრებენ, სცემენ და რეჟიმმა მიიღო ახალი რეპრესიული კანონების პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს მთავრობის კრიტიკას, ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, არღვევს პროტესტის მონაწილეთა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, აუქმებს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. ახალი მედიაკანონი ხელახლა განსაზღვრავს ჟურნალისტურ ეთიკას და კრძალავს მედიის უცხოურ დაფინანსებას. ქვეყანა ჩიხშია და გაურკვეველია, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.
რა განაპირობებს დემოკრატიული საპროტესტო მოძრაობის წარმატებას? არ არსებობს მკაფიო გზამკვლევი, ინგრედიენტები მრავალფეროვანი და ზოგჯერ შემთხვევითიცაა. ხშირად მმართველ ელიტაში არსებული ბზარები თუ კონფლიქტები ან ეკონომიკური მაჩვენებლები რეჟიმს მოწყვლადს ხდის. ზოგჯერ ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური მოძრაობებიც კი, როგორც ჰონგ კონგში „ქოლგების მოძრაობა“, მარცხდება უბრალოდ შეუვალი გიგანტის პირისპირ. თუმცა წარმატება ჩვეულებრივ განისაზღვრება შიდა და არა გარე ზეწოლით. საერთაშორისო რეაგირების ყველაზე მკაცრი ფორმებიც კი – სანქციები, აღიარებაზე უარი, ემბარგო – არ არის გადამწყვეტი ფაქტორი (ვენესუელის მაგალითი). ქართველებს აქვთ შთამაგონებელი დემოკრატიული მოძრაობების საკუთარი ისტორია, ისევე როგორც მათ და-ძმებს უკრაინაში, სადაც „მაიდანი“ თავისუფლებისკენ გლობალურ მოწოდებად იქცა. აზიაში ათწლეულების განმავლობაში ცხოვრების შემდეგ მე დამაინტერესა დიქტატორების ჩამოგდების რამდენიმე გამორჩეულმა მაგალითმა, რომელთა წასვლასაც არავინ ელოდა, როგორებიც იყვნენ ფერდინანდ მარკოსი, სუჰარტო და შეიხი ჰასინა“, – წერს ლორა თორნტონი და ზემოთ ჩამოთვლილი სამი აზიელი პოლიტიკური ფიგურის ისტორიას აღწერს.
წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ სამივე ისტორია უნიკალურია, მაგრამ აქვთ რამდენიმე საერთო ხაზი.
„მიუხედავად იმისა, რამ გამოიწვია საპროტესტო მოძრაობა, მან შეძლო, შეხებოდა გაცილებით ღრმა და ფართო საზოგადოებრივ წუხილებს, რაც დაკავშირებული იყო ხანგრძლივ ეკონომიკურ პრობლემებთან, კორუფციასთან და რეპრესიებთან. შესაბამისად, მოძრაობებმა მთელი საზოგადოება მოიცვა და დედაქალაქის გარეთაც გავრცელდა. უფრო მეტიც, ხალხმა ქვეყნები პრაქტიკულად უმართავი გახადა ეროვნული გაფიცვებითა და ბოიკოტებით. მნიშვნელოვანია, რომ მოძრაობების მასშტაბურობის გამო უსაფრთხოების ძალები და სამხედროებიც კი ბევრ შემთხვევაში პირადად იყვნენ დაკავშირებული პროტესტის მონაწილეებთან. საინტერესოა ერთი რამ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გარკვეული როლი ითამაშა მარკოსის შემთხვევაში, მისთვის უსაფრთხო თავშესაფრის შეთავაზებით, მისი ქმედებები ძირითადად არ იყო ამ ისტორიის ნაწილი. საქართველოსგან განსხვავებით, ამ შემთხვევებში ხალხი იმდენად დიდხანს იყო რეპრესირებული, რომ მთავრობის მიერ პროტესტის მონაწილეთა დახოცვა იქცა იმ გადამწყვეტ მომენტად, რომელმაც ქუჩაში გამოიყვანა ისინიც კი, ვინც სხვა შემთხვევაში სახლში დარჩებოდა. რეჟიმის ბევრი წარმომადგენლისთვის ძალადობამ ხელი შეუწყო დიქტატორის ჩამოსაგდებად საჭირო დეზერტირობას. მაგრამ საქართველოში პროტესტის მონაწილეთა სიმტკიცე მახსენებს დემოკრატიის სხვა გმირებს სხვა მხრივ. ძალისხმევამ, დაეკავშირებინათ პროტესტი, რომელიც ევროკავშირის წევრობასა და არჩევნებს სცდება, ქართველების უფრო ღრმა წუხილებსა და ყოველდღიურ პრობლემებთან, უფრო ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. მოძრაობის გადასვლა ღამის პროტესტებიდან მთელი დღის განმავლობაში საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვების ეტაპზე – რაც გულისხმობს ნაგვის არგატანას, ბანკის მოლარეების სამსახურში არმისვლას, სატვირთო მანქანების მძღოლების სახლში დარჩენას – ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“. საბოლოოდ, ეს ხშირად რიცხვების თამაშია – მასიური ზეწოლა, რომელიც ძლევს და ბოლოსდაბოლოს არცხვენს ხელისუფლებაში მყოფთ“, – წერს ლორა თორნტონი.