მზია ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები უკვე გამოვითხოვეთ – სახალხო დამცველი

4
spot_img

სახალო დამცველის ინფორმაციით, მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე მე-19 დღეა შიმშილობს, მიმდინარე კვირაში სამედიცინო კვლევები ჩაუატარდა, რისი შედეგებიც ომბუდსმენის აპარატს გამოთხოვილი აქვს.

როგორც განცხადებაში წერია, 27 იანვარს სახალხო დამცველის აპარატის ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დაკავებულ დირექტორს გაესაუბრა. მათი ინფორმაციით, “იმ დროისთვის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.”

“სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ მზია ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები აპარატს უკვე გამოთხოვილი აქვს. სამედიცინო მასალებს კვლავ გაეცნობა და შეაფასებს აპარატში დასაქმებული ექიმი ასევე, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ ვიზიტს განახორციელებს.

ის სამედიცინო მასალები, რომლებიც ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია, უკვე მიწოდებული აქვს მზია ამაღლობელის კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია).

გარდა ამისა, მზია ამაღლობელის მდგომარეობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მზია ამაღლობელის მხარე მუდმივ რეჟიმში იღებს, დისტანციურად თუ პირადი შეხვედრებისას.

სახალხო დამცველის აპარატისთვის ასევე ცნობილია, რომ ადვოკატმა გამოითხოვა მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, რაც ჯერჯერობით არ მიუწოდებიათ. აპარატმა, ამ პროცესის დაჩქარების მიზნით, დაუყოვნებლივ, წერილობით მიმართა პენიტენციურ სამსახურს. აპარატი მიადევნებს თვალს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასალების მიწოდება დაცვის მხარისთვის არ შეფერხდეს.

სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებენ აქტიურ მონიტორინგს მზია ამაღლობელის უფლებების, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით; გაგრძელდება მასთან ვიზიტები და მისი სამედიცინო მასალების შესწავლა/შეფასება; ხოლო, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში,” – წერია განცხადებაში.