უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებისთვის იმ შემთხვევაში, თუ იქნება იმის გაგება, როგორ დასრულდება ომი.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„რა თქმა უნდა, აშშ, პრეზიდენტი ტრამპი და ევროკავშირის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ დიპლომატია შეუძლებელია რუსეთისა და პუტინის გარეშე. ამიტომაც ვთქვი: მზად ვარ [მოლაპარაკებისთვის პუტინთან], თუ გვექნება გაგება, როგორ დასრულდება ეს ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებებს, რომელიც კიევის მიერ პუტინთან მოლაპარაკებების აკრძალვის ბრძანების გაუქმებას ეხება, „რუსული ნარატივი“ უწოდა.
„ისინი მუდმივად ეძებენ მიზეზს, რათა შეხვედრა არ შედგეს. და ეს პირდაპირ ვთქვი. ისინი ყოველთვის იპოვიან საბაბს. […] თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა ომის დასრულება, თუ ჩვენ მშვიდობა გვინდა, მიზეზები მეორეხარისხოვანი უნდა იყოს. დანარჩენი საკითხები მოგვარდება, დარწმუნებული ვარ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ, ჩემი აზრით, პუტინს უბრალოდ ეშინია ჩემთან ომის დასრულებაზე საუბრის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.