მნიშვნელოვნად შევამცირეთ სიღარიბე, თუმცა გვესმის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად უნდა გავაგრძელოთ, რათა ოკუპაციასთან ერთად, ჩვენი მთავარი გამოწვევა – სიღარიბე სამუდამოდ დავძლიოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით პრინციპულად გააუმჯობესა მდგომარეობა, რასაც მოწმობს საერთაშორისო რეიტინგებიც.
„საერთო ჯამში, 2012 წლის პირველ ოქტომბერს არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ და ქვეყანა დავიბრუნეთ, არამედ, ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრინციპულად გააუმჯობესა მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით! ამაზე ძალიან ბევრი ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, მე მინდოდა, შემეხსენებინა, რომ სამი დღის წინ გამოსვლა მთავრობასთან ერთად, იყო ძალიან შთამბეჭდავი, დღესაც ძალიან კარგად მოგახსენათ, თუ რამდენი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით. მაგრამ, გარდა პრემიერის გამოსვლისა და შიდა მიღწევებისა, რომელსაც თქვენ ხედავთ, კარგად შეიძლება ვნახოთ საერთაშორისო რეიტინგებიც. თუ ჩვენი არ სჯერათ, განსაკუთრებით ჩვენს ოპონენტებს – კრიტიკულად უყურებენ ყველაფერს, საერთაშორისო რეიტინგებს მაინც შეხედონ და რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ:
„ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ინდექსით, საქართველო კეთილდღეობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 11-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. გახსოვთ, რომ ერთი პარტიის ბელადს, ბიუჯეტი საკუთარი ჯიბე ეგონა და ისე მოიხმარდა, როგორც საკუთარ ჯიბეს და დღეს პირველ ადგილზეა საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ, მსოფლიოს 125 ქვეყანასთან შედარებით
სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლო თავდასხმებისგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. აბა გახსოვთ, სასამართლო როგორ იმართებოდა? – ხელისუფლების გავლენა იმდენად მცირეა დღეს, რომ საუკეთესო ათეულშია საქართველო ევროპაში.
ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა – გახსოვთ რაც ხდებოდა? გახსოვთ, როგორ ძალადობდნენ, როგორ ხოცავდნენ ქუჩაში? გახსოვთ როგორ ძალადობდნენ? – 3 000 პრობაციონერი ჰყავდა საქართველოს მხოლოდ. დღეს საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში, რამდენადაც ის არ ძალადობს საკუთარ მოსახლეობაზე და ეს საამაყოა, რა თქმა უნდა.
სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე მესამე, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. თავისუფალი მოქალაქეები ქმნიან ბიზნესს, თავისუფალი მოქალაქეები ახერხებენ ქვეყანას წარმატება მოუტანონ და ნახეთ, როგორი შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. სიღარიბის გაუმჯობესებით, 12 წელში მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია საქართველო -ნუ დაგვავიწყდება ხალხო, რომ 12 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს 25 და 30 წელიწადში, მაგრამ 12 წლის განმავლობაში, ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.