“მუდმივად დასავლელ პარტნიორებს იბარებენ ყურის ასაწევად” – ლევან ხაბეიშვილი

125
spot_img

ცოტა აკლიათ ამათ, მართლა გეუბნებით, მუდმივად დასავლელ პარტნიორებს იბარებენ ყურის ასაწევად, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო საქართველოში დანიის ელჩის უწყებაში დაბარების ფაქტს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კახა კალაძისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების „ისტერიკა და გამოხტომები“ მათ სახეს კარგად აჩვენებს.

„გვახსოვს, პრეზიდენტ სააკაშვილს რომ ჯილდო გადასცეს, მაშინაც დაიბარეს კონკრეტული ელჩი. ოლიგარქია ივანიშვილი და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, გადახედეთ მთავრობას: მისი პირადი თანაშემწე – პრემიერ-მინისტრია; თავდაცვის მინისტრი – „ქართუ ბანკის“ თანამშრომელი; შსს მინისტრი – მისი პირადი დაცვის წევრი, ჯანდაცვის მინისტრი – „ქართუ“-ს თანამშრომელი. ფულის საშოვნელ დაზგად აქცია სამთავრობო მაგიდა. იქ რომ სხედან, ეს ადამიანები, მთავრობას კი არ წარმოადგენენ, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წარმოადგენენ. ამ ფონზე კალაძის ისტერიკა და კონკრეტული ადამიანების გამოხტომები და თავდასხმა ჩვენს პარტნიორებზე, კარგად აჩენს მათ სახეს. ამ ხალხს მიმართულებები აქვთ არეული და შეცვლილი, ქართველი ხალხი აუცილებლად გაუსწორებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სანქციებს ვერ ასცდება.

„ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა ხალხმა პირველად, როცა 7-8 მარტს, რუსული კანონი „დააღეჭინა“. პირდაპირი მნიშვნელობით აიღო ბიძინა ივანიშვილმა მისი კანონი, დაღეჭა და გადაყლაპა. ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა. ამის შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიიღო საქართველომ და ეს იყო კიდევ ერთი სანქცია ბიძინა ივანიშვილისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები ყველაფერს უყურებენ და ბიძინა ივანიშვილი სანქციებს ვერ ასცდება. დღეს იქება თუ ხვალ, აუცილებლად იქნება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.