მუდამ გვემახსოვრება ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის თავგანწირული ქართველი გმირები, არასდროს დავივიწყებთ მათ სიმამაცესა და თავდადებას-მიხეილ ყაველაშვილი

6
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ყაველაშვილის თქმით, ჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და ვაჟკაცურად იცავდნენ და იცავენ სამშობლოს.

„დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღეა. მოხარული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან და ჯარისკაცებთან ერთად, სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში აღვნიშნე.

„სახმელეთო ჯარების გარდაქმნა და ორ ძლიერ და შეკრულ ავტონომიურ სტრუქტურად – დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობებად ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების ოპტიმიზაციისა და გაძლიერების გზაზე. ამ ცვლილებამ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და განვითარებაში დიდი როლი შეასრულა.

ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და ვაჟკაცურად იცავდნენ და იცავენ სამშობლოს. ჩვენი ქვეყნის მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება და მოხარული ვარ, რომ ჩვენს სამხედროებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი გლობალური მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.

ჩვენ მუდამ გვემახსოვრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისათვის თავგანწირული ქართველი გმირები – არასდროს დავივიწყებთ მათ სიმამაცესა და თავდადებას.

არ არსებობს იმაზე უფრო ეროვნული და საპატიო საქმე, ვიდრე სამშობლოს მსახურებაა. მსურს, გამოვხატო უდიდესი პატივისცემა და მადლიერება თითოეული ჯარისკაცის მიმართ, რადგან საქართველოს ერთგულად, კეთილსინდისიერად და უდიდესი პასუხისმგებლობით ემსახურებიან. მათი პროფესიონალიზმი და ღირსეული საქმიანობა განაპირობებს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას.

გილოცავთ თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების

დღეს დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჯარისკაცები მუდამ იდგებიან ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების სადარაჯოზე!“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.