„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პრეზიდეტნთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ნაბიჯები გაუგებარია.
მისივე თქმით, ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ ერთად უნდა მუშაობდნენ, „ქართული ოცნება“ კი ამ დროს პრეზიდენტს იმპიჩმენტს უწყობს, რაც კარგი არ არის და ამაზე მიუთითა ჯოზეფ ბორელმაც.
„ქართული ოცნების“ მხრიდან საბოლოო ჯამში სიტყვების თამაშია. კონტექსტი და საღი აზრი ხომ არსებობს. ბორელმაც საბოლოო ჯამში ის თქვა, რომ ცუდად გამოიყურება ერთობის ფორმატში. ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ ერთად უნდა მუშაობდნენ და რაღაც ნაბიჯები გადადგან, ამ დროს, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს იმპიჩმენტს უწყობს, რაც ახსნადი არ არის. პრეზიდენტის მიმართვა გუშინ ადეკვატური და ნორმალური იყო. სრულად ტრაგი-კომიკურია, რომ პრეზიდენტი თავისით დადის, ტელეფონით იღებს და საელჩოები არ ეხმარებიან, მთავრობა არ აფინანსებს და ა.შ ეს მთავრობის და „ქართული ოცნების“ პრობლემაა. არ მესმის, რატომ გვარცხვენს საერთაშორისო ასპარეზზე. საბოლოო ჯამში ეს ყოვლად გაუგებარი ქცევაა. პრეზიდენტს ეს ეხმარება, პრეზიდენტის იმიჯი უმჯობესდება და ევროპელები პოზიტიურად არიან მის მიმართ განწყობილი. ჩვენს ქვეყანაშიც ამას ბევრი აფასებს. „ქართულ ოცნებას“ თუ დაგეგმილი აქვს, სალომე ზურაბიშვილი რეიტინგულ პოლიტიკოსად აქციონ, გააგრძელონ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტზე უარი ეთქვა. პირველ სექტემბერს კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. კობახიძემ განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია. სალომე ზურაბიშვილი ბოლოს საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. მანამდე სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა, ასევე ბრიუსელში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო ვიზიტების შემდეგ გუშინ გააკეთა პირველი განცხადება. ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხზე საზოგადოებისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ მის გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს. „მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ვივლი ყველგან, სადაც წასასვლელი ვარ, ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.