საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნებათ.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებები 26 დეკემბრით თარიღდება.
ცესკო-ს თავმჯდომარისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა „გაუგრძელდეს-დაენიშნოს შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2025 წლის პირველი იანვრიდან, პირველ ივლისამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“.
რაც შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნას, განკარგულებში აღნიშნულია, რომ კაციტაძეს „2025 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“ სახელმწიფო დაცვა დაენიშნება.
ორივე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“ უზრუნველყოფს.