მინდა, პოზიტიური სიახლე ვაცნობო მოსახლეობას, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებ ჩვენ ხალხს. გადავწყვიტეთ, 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომელშიც 53 მილიონ ლარს გადავიხდით. ეს იქნება 8-მეტრიანი „ისუზუს“ მარკის თანამედროვე, ევროხუთი სტანდარტის ავტობუსები, რომელიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, წლების განმავლობაში არსებული შიდა საქალაქო გადაადგილება პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ეს პროცესი მიმდინარეობს.
„ამ მიმართულებით ჩვენ დამატებითი ავტობუსების შეძენას კიდევ ვაპირებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის გადაადგილება კიდევ უფრო მეტად კომფორტული იყოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მთავრობის მიერ გასულ კვირას დაანონსებულ რეფორმაზე, რომელიც ქვეყნის შიგნით მგზავრთა საავტომობილო გადაყვანას ეხება. ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული რეფორმის შესახებ პროცესები წლის ბოლოდან დაიწყება.
„რეფორმა ზოგადად, შეეხება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით. ეს სფერო არის მოსაწესრიგებელი. დამეთანხმებით, რომ ყველგან პრობლემებია, თუნდაც ავტოსადგურების მიმართულებით სიტუაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს, დედაქალაქში, თუ რაიონებში, ამიტომ, ამას სპეციალური სტანდარტების შემოტანა სჭირდება. ჩვენ გადმოგვაქვს ევროპული სტანდარტები. რა თქმა უნდა, ჩვენ გონივრულ ვადებს მივცემთ ამ ავტოსადგურების მფლობელებს, ასევე გადამყვან კომპანიებს, თუ ცალკეულ ინდივიდებს, ფიზიკურ პირებს. აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის გადაყვანა, მგზავრობა კომფორტული და უსაფრთხო იყოს, რაც მთავარია. რა თქმა უნდა, აქ ეკოლოგიაზეც არის საუბარი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩემი ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში გადაკეთებული სამარშრუტო ტაქსებით ხდება ხალხის გადაყვანა, რაც რა თქმა უნდა, უსაფრთხო არ არის და მეორე მხრივ, ძალიან არაკომფორტულია. პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე მინდა აქცენტი გავაკეთო და რა თქმა უნდა, შემდეგ კომფორტზე. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა. ეს ყველაფერი აღირიცხება, უნდა იყოს მოწესრიგებული. უნდა ჩანაცვლდეს ახალი, თანამედროვე სტანდარტების სამარშრუტო ტაქსებით და ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს, სულ რაღაც, ალბათ, წელიწად ნახევარში. ეს პროცესი წლის ბოლოდან დაიწყება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.