პოლიტიკური პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “ღამის კურიერის” ეთერში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება შეაფასა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. მისი თქმით, სავიზო რეჟიმით უნდა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რატომ აკეთებს ამას რუსეთი. ხვიჩია მიიჩნევს, რომ პუტინს “სურს ჩვენი თავი წაართვას დასავლეთს” და ეს გადაწყვეტილებაც ამ გეგმის ნაწილია. “მტერს რასაც წაღლიტავთ, ზოგადად, მგონია, რომ ყველაფრით უნდა ისარგებლო. უბრალოდ, უნდა გესმოდეს, რომ ის მტერია და მეორე – რომ ეს მტრის შენს მიმართ მეგობრული ნაბიჯი კი არ არის, არამედ ნაბიჯია, რომ შე დამოკიდებული გაგხადონ და შენი სიმპათიები აღიძრას არასწორი რამის მიმართ, რომელიც მერე ისე დამთავრდება, როგორც 2006 წელს დამთავრდა ან როგორც 2008 წელს დამთავრდა. უნდა გესმოდეს, რომ რუსეთი ამას არ აკეთებს იმის გამო რომ შენ უყვარხარ, არამედ იმისთვის, რომ შენ საცდური დაგიდოს. შენ თუ ამ საცდურს წამოეგები და ამ საცდურში მე არ ვგულისხმობ, რომ არ ვისარგებლოთ, საქართველოს მოქალაქეებმა, რასაკვირველია, უნდა ისარგებლონ, საცდური, რომ ამის გამო შენი სიმპათიები გადაიხრება რუსეთისკენ – ამას არ უნდა წამოვეგოთ. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ამას ჩვენი სიყვარულის გამო არ აკეთებს. ამას იმის გამო აკეთებს, რომ ჩვენი თავი წაართვას დასავლეთს. თუ ამ მიზანს მივხვდებით და აქედან გამომდინარე გავაკეთებთ ყველაფერს, მგონია რომ ნებისმიერი რამე, რასაც დამპყრობელს წაართმევ და შენი მოქალაქეები ისარგებლებენ, ზოგადად, კარგია და არა ცუდი. ზოგადად, მე არ მგონია, რომ ჩვენ უნდა გაგვასამართლონ პუტინის გადაწყვეტილების გამო, ჩვენ უნდა გაგვასამართლონ ჩვენი ქმედებების გამო. ეს ის ქმედებები არ არის, რომელიც ჩვენ ჩავიდინეთ, ის პუტინმა ჩაიდინა – თავად ჩაკეტა, თავად გახსნა და კიდე თავად ჩაკეტავს იმისთვის, რომ დაგვაზიანოს. ფიზიკურად როგორც კი თავისად დაგიგულებს, ეგრევე ისე მოიქცევა, როგორც 2006 წელს მოიქცა და გუდა-ნაბად აყრილი გარეთ გამოაგდო ჩვენი მოქალაქეები. ეს უნდა გვახსოვდეს და თუ ამ რწმენით გავაკეთებთ ნებისმიერ რამეს, მაშინ, ცხადია, საფრთხე ნაკლებად იარსებებს,”-აცხადებს ხვიჩია.