მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობმომსახურების ამერიკული კომპანია აფართოებს თავის საქმიანობას რუსეთში მისი მთავარი კონკურენტების გასვლის შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
SLB, ჰიუსტონში მდებარე კომპანია, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Schlumberger-ი, 2023 წლის ივლისში შეწყვიტა რუსეთისთვის პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მიწოდება.
რუსეთის საბაჟო მონაცემებით, აკრძალვის დაწესების შემდეგ, ამ ტიპის იმპორტი შენელდა, ხოლო სექტემბრის დასაწყისში კი შეჩერდა.
თუმცა, დოკუმენტები ცხადყოფს, რომ კომპანია აგრძელებდა მასალების იმპორტს სხვა წყაროებიდან. კერძოდ, 2023 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე 17.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მიწოდება განხორციელდა.
კომპანიასთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ იმპორტი არ განხორციელებულა SLB-ის საწარმოდან და შეესაბამება კომპანიის საჯარო განცხადებებსა და საერთაშორისო სანქციებს.
SLB-ის ორმა უმსხვილესმა კონკურენტმა ნავთობმომსახურების სექტორში, Baker Hughes-მა და Halliburton-მა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვეს რუსეთი, ხოლო SLB-მ განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთიდან გასვლას.
კომპანიამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში დიდი ბიზნესი ააწყო. გასულ წელს, რუსული ქვედანაყოფის ოპერაციებმა შეადგინა ჯგუფის 33.1 მილიარდი დოლარის შემოსავლის 5%. 2023 წლის ბოლოს კომპანიამ რუსეთში შეინარჩუნა 600 მილიონი დოლარის წმინდა აქტივები.
Financial Times-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ SLB-ს რუსულმა ქვედანაყოფმა დეკემბერში ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთის გეოლოგიურ კვლევით ინსტიტუტთან. კომპანიამ ვალდებულება აიღო, დაეხმაროს ნავთობისა და გაზის საბადოების მოდელების შემუშავებაში. გარდა ამისა, კომპანიამ 1000-ზე მეტი ვაკანსია გამოაცხადა.
ექსპერტების აზრით, SLB-ის ტექნოლოგია და გამოცდილება მნიშვნელოვან როლს თამაშობს და რუს ოპერატორებს შესაძლებლობას აძლევს, განავითარონ ნავთობისა და გაზის პროექტები დაბალი ხარჯებითა და რისკებით.