
ფრანგულ გაზეთ „ფიგაროში“ (Le Figaro) სათაურით: „მსოფლიო ომის აჩრდილი უკან იხევს“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ გეოპოლიტიკის ექსპერტთან, პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორთან ფრედერიკ ენსელთან, რომელიც მრავალრიცხოვანი წიგნების ავტორია. მან ამას წინათ დაწერა ახალი წიგნი სახელწოდებით „მსოფლიო ომი არ იქნება“, რომლის გაყიდვა გასულ კვირას დაიწყო. „ფიგაროს“ ჟურნალისტი რონან პლანშონი ფრედერიკ ენსელს ესაუბრება.
გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს:
– როგორც ცნობილია, თქვენ წიგნი მანამდე დაწერეთ, სანამ აშშ თავის პოზიციას შეიცვლიდა უკრაინასთან დაკავშირებით. თქვენ ისევ თვლით, რომ მსოფლიო ომი არ იქნება?
– დონალდ ტრამპის პოზიციის მკვეთრი ცვლილება, რომელიც ევროპისა და უკრაინის მხარდაჭერისადმი უარით გამოიხატება (მას ევროპისადმი მუდამ დამცინავი დამოკიდებულება ჰქონდა) იგი ევროპას მუდამ დაცინვით ქედმაღლურად უყურებდა), წიგნში გამოთქმულ პროგნოზს უფრო აძლიერებს. მსოფლიო ომების დაწყების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა წინამძღვრების გაჩენა დიდი სახელმწიფოების ერთმანეთთან შეტაკებისათვის, რომლებიც მზად იქნებიან მასშტაბურად გამოიყენონ სამხედრო ძალა და ამისთვის კონფლიქტში მოკავშირეებიც ჩააბან. რასაკვირველია, რუსეთისა და აშშ-ის ერთმანეთთან დაახლოება უკრაინის ხარჯზე საერთაშორისო დღის წესრიგში სერიოზულ მორალურ საკითხებს აყენებს, თუმცა იმავდროულად ხელს უწყობს იმას, რომ მსოფლიო ომის აჩრდილმა უკან დაიხიოს, ანუ ორი უძლიერესი ბირთვული სახელმწიფოს ურთიერთობების დათბობა მესამე მსოფლიოს ომის დაწყების ალბათობას ავტომატურად ამცირებს.
– თქვენ წერთ, რომ დონალდ ტრამპი გამოუცნობი, უპროგნოზო პიროვნებაა, მაგრამ საბოლოოდ მაინც როგორ თვლით, რამდენად არის მოსალოდნელი მისგან დაუფიქრებელი და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება?
– დონალდ ტრამპის კომპასს ორი პოლუსი აქვს: პირველი – აბსოლუტური მერკანტილიზმი. როცა აშშ ერთ დოლარს ხარჯავს, პრეზიდენტს ორი დოლარის დაბრუნება სურს. თავისი ვიცე-პრეზიდენტისაგან ჯეიმს დევიდ ვენსისაგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი იდეოლოგი კი არ არის, არამედ სუფთა პრაგმატიკოსი, რომელიც თვლის, რომ მისი ქვეყანა დიდ თანხას ძალზე დიდი დროის განმავლობაში იხდის ევროპული სახელმწიფოების – ნატოს წევრების – რუსეთის საფრთხისაგან დასაცავად, ანუ იმ ქვეყნისაგან, რომელსაც დონალდ ტრამპი საშიშ მოწინააღმდეგედ არ მიიჩნევს. დონალდ ტრამპის აზრით, რუსეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა ამერიკას უფრო მეტ მოგებას მოუტანს, ვიდრე ის ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სავაჭრო კავშირების გაწყვეტა, რომელიც უკვე სამ წელზე მეტია გრძელდება უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან. იმავე პრინციპით დონალდ ტრამპი არ გამოდის საუდის არაბეთის წინააღმდეგაც, რომელიც აშშ-ის ეკონომიკაში ათობით მილიარდ დოლარს აბანდებს და ამას მომავალშიც გააგრძელებს.
მეორე პოლუსი, რომელიც პირველიდან გამომდინარეობს: დონალდ ტრამპს არ ახასიათებს იდეოლოგიური კონფრონტაცია. საგარეო პოლიტიკაში იგი ხელმძღვანელობს მხოლოდ ერთი საკითხით: „რის მიცემა შეუძლია ამა თუ იმ ქვეყანას ამერიკისათვის?“. იგი ეძებს სარგებელს ორივე მხარისათვის, თუმცა, ბუნებრივია, უპირატესობას მაინც ამერიკას ანიჭებს. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი უარყოფს სამხედრო ინტერვენციონიზმს, რადგან ასეთი პოლიტიკა დიდ ადამიანურ და მატერიალურ დანახარჯებს ითხოვს.
– თქვენ წერთ, რომ ნებისმიერი გეოპოლიტიკური არჩევანი გამომდინარეობს ეკონომიური რაციონალურობისაგან და ამით ცდილობთ დაამტკიცოთ, რომ უახლოეს წლებში მსოფლიო ომი არ დაიწყება… 1914 წელსაც აცნობიერებდნენ მსოფლიოს ლიდერები კონფლიქტის უდიდეს ხარჯებს, ადამიანების მრავალრიცხოვან მსხვერპლს, მაგრამ ომი მაინც დაიწყო. განა დღევანდელი მმართველები უფრო პრაგმატულები არიან თავიანთ ისტორიულ პოლიტიკურ წინამორბედებთან შედარებით?
– დიახ, 1913 წელს გერმანიის იმპერიას, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს ერთმანეთთან უკიდურესად მომგებიანი სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ მაინც გარისკეს ყველაფრის დანგრევა და ომის დაწყება… იცით, ვაჭრობისა და ლიბერალიზმის არსებობით ომის თავიდან აცილება ყოველთვის არ ხდება, თუმცა დონალდ ტრამპის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ისეთ დიდ სახელმწიფოსაკენ, როგორიც რუსეთია, ომის თავიდან აცილება შეუძლია. ომები, რომლებშიც მცირე სახელმწიფოები მონაწილეობენ, და თუ ისინი დიდ ქვეყნებს არ ჩაითრევენ, ლოკალურებად დარჩებიან. სამომავლოდ მოსალოდნელია ლოკალური ომების ზრდა, თუმცა ისინი ბევრად მცირე რაოდენობისა იქნება, ვიდრე ეს იყო XVII–XVIII საუკუნეებში.
დავამატებ, რომ სისუსტის დემონსტრაცია სინამდვილეში ომის პროვოცირებას ახდენს. ყველაზე საუკეთესო წესი საფრთხის გასანეიტრალებლად პაციფიზმი კი არ არის, არამედ შეკავება – ბირთვული თუ ჩვეულებრივი. არსებობს ათობით თანამედროვე მაგალითი, როცა ორ სახელმწიფოს შეუძლიათ ერთმანეთთან ომის დაწყება, მაგრამ ამას პრაგმატული მოსაზრებით არ აკეთებენ: კონფლიქტი უფრო ძვირად დაუჯდებათ, ვიდრე უკონფლიქტობა. შეკავება – ეს უპირველესად მორალურ პრინციპს წარმოადგენს, ვიდრე პოლიტიკურ. ის სისუსტედ აღიქმება. ამიტომ ძალის დემონსტრაცია ისევ რჩება ინტერესებისა და ღირებულებების დაცვის საუკეთესო გარანტიად.
– თქვენ ამტკიცებთ, რომ ადამიანები სულ უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს ომების დაწყებას, მაგრამ დასავლეთში ნაციონალიზმის ზრდის ფონზე თქვენი პოზიცია პარადოქსულად ხომ არ ჩანს?
– 1950-1960-იანი წლებისაგან განსხვავებით, თანამედროვე ნაციონალისტური მოძრაობები არ ესწრაფვიან იმპერიულ ექსპანსიას და მილიტარიზმს. მათი წარმატება დაკავშირებულია მორალურ და ზნეობრივ ფასეულობებთან, იდენტურობასთან, ზოგიერთი საზოგადოების ან რეფორმის მიუღებლობასთან (მაგალითად, „ლგბტ“ და აბორტები). 1930-იან წლებში ნაციონალიზმი იმპერიულ ხასიათს ატარებდა.
გარდა ამისა, ქვეყნებში, რომლებშიც ნაციონალიზმი მკვეთრად არის გამოხატული (თურქეთი, ირანი…), მოსახლეობას არ სურს, რომ ხელისუფლება თავიანთ თანამოქალაქეებს – ჯარისკაცებს – უცხოეთში გაგზავნის რომელიმე ქვეყანასთან სერიოზული დავის არსებობის დროსაც კი. ამიტომაც ისინი ხშირად იყენებენ დაქირავებულ ძალებს – ეს არის პრაქტიკა, რომელიც XVIII საუკუნიდან აღარ არსებობდა. დღეს კი ანკარა სარგებლობს სირიელი თურქმენებით, ირანის ხელისუფლება კი ეყრდნობა შიიტურ მოლაშქრეებს, რომელთა შეგროვება პაკისტანში და ავღანეთში. იმიტომ, რომ ირანის ნაციონალისტურად განწყობილი მოსახლეობას არ მოსწონს უდიდესი თანხების დახარჯვა „ჰეზბოლასათვის“, რომელიც თეირანის მოკავშირედ აღიქმება.
ჩინეთში არასოდეს არ ჩატარებულა გამოკითხვები მოსახლეობის დამოკიდებულებაზე ომების მიმართ. მაგრამ ცნობილია, რომ კომპარტია კონფიდენციალურად გაურიგდა საკუთარ ხალხს: ჩემი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება, თქვნი მხრიდან კი უარი პოლიტიკურ პროტესტებზე. თუ გავითვალისწინებთ, თუ რა ზიანი მიაყენა ჩინეთს კორონავირუსთან დაკავშირებულმა აბსოლუტურმა ლოკდაუნებმა და მასობრივმა პროტესტებმა (რომლებიც, სხვათა შორის, დაუსჯელი დარჩა), კომუნისტური ხელისუფლება ასჯერ გაზომავს რისკებს, ვიდრე ომის დაწყებას გადაწყვეტს
მოამზადა სიმონ კილაძემ