
რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები ეხმიანებიან. ერთ-ერთი პირველი იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი იყო.
„დავკარგეთ დიდებული კაცი და წინამძღოლი. მასთან მეგობრობის პრივილეგია მქონდა; მისი სწავლებანი ყველაზე რთულ პერიოდშიც კი შეუცვლელი იყო. იგი შეგვახსენებდა თუ რა ძალა აქვს სიკეთის გაცემას, რადგან სწორედ ეს გვაძლევს შერიგების ძალას ყველაზე გამოუვალ სიტუაციებშიც კი. რომის პაპმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ მოუწოდა სიმამაცისკენ, რომ ვიაროთ იმ გზით, რომელიც „არ ანგრევს, არამედ ზრუნავს, აღადგენს და იცავს“. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვივლით, ვეძიებით მშვიდობასა და საერთო კეთილდღეობას, ავაშენებთ უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას“, – დაწერა მელონიმ სოციალურ ქსელ X-ში.
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.„წმინდა მამა გარდაიცვალა. მსურს გამოვხატო ის დიდი ტკივილი, რომელსაც საფრანგეთში განვიცდით. ეს საყოველთაო, გლობალური წუხილია. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ კათოლიკეებს. რომის პაპს ფრანცისკეს ჩვენს გულებში დიდი ადგილი უკავია. ის სულ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა კორსიკაზე. ის ჩვენს გვერდით იყო მარსელშიც. სწორედ ამ ვიზიტებით მან დიდი კვალი დატოვა ფრანგულ საზოგადოებაში. რომის პაპი ფრანცისკე მუდამ და დიდი თავმდაბლობით იყო გაჭირვებულთა გვერდით“, – თქვა მაკრონმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
კათოლიკეებს მომხდარის გამო სამძიმარი გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.
„დიდი მწუხარება დამეუფლა მისი უწმინდესობა, რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების თაობაზე ცნობების მიღებისას. მსოფლიოში სამართლიანობის სახელით მისი დაუფასებელი ღვაწლი არის ჩვენი მემკვიდრეობა. გაერთიანებული სამეფოს სახელით სამძიმარს ვუცხადებ კათოლიკურ ეკლესიას“, – დაწერა სტარმერმა სოციალურ ქსელ X-ში.
ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, რომელიც პონტიფიკოსს გუშინ შეხვდა. „სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვე რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების თაობაზე. გულით ვუსამძიმრებ მილიონობით კათოლიკეს. მე ძალიან გამიხარდა მასთან გუშინ შეხვედრა, ის ძალიან ავად იყო. მუდამ მემახსოვრება კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში მის მიერ ჩემთვის მოცემული დარიგება. ეს ულამაზესი სიტყვები გახლდათ. ღმერთმა აცხონოს მისი სული“, – დაწერა ვენსმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, რომის პაპი 88 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. რამდენიმე კვირით ადრე, ვატიკანის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ის რომის ჯემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გაწერეს.