
„ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: საქართველო გულწრფელად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ის პროცესები, რა პროცესებსაც გადის ქვეყანა და ის აგრესია, რაც მისი მისამართით უკვე სამი წელია ხორციელდება“ – აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ყველა საფრთხე, რაც რისკის ქვეშ აყენებს ევროპის უსაფრთხოებას და ყველაფერი უნდა გაკეთდეს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობა არის ის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია და რომელიც ევროპის რეგიონის შემდგომი განვითარებისა და როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თანამშრომლობის შესაძლებლობას ქმნის.
„მნიშვნელოვანია მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯები, მშვიდობის ძიება და არა კონფლიქტის და იმ ვითარების კიდევ უფრო გამწვავება, რა ვითარებაც არის სამწუხაროდ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში – უკრაინაში“ – დასძინა მაკა ბოჭორიშვილმა.