მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, რაც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ტრამპის გამარჯვების შემდეგ, დეზინფორმაციაა, რომ ჩვენ ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით -მიხეილ ყაველაშვილი

8
spot_img

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, დეზინფორმაციაა, რომ ჩვენ ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოში დღეს არსებული კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული.

„ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის როლი არის ზეპარტიული. ჩემმა წინამორბედმა ამ როლის მიღმა დააყენა თავი, რითაც საზოგადოებაში მოლოდინი გააჩინა. ეს არ იყო სწორი. მინდა, ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიყო. ჩემი მთავარი მოტივაციაა, საპრეზიდენტო ინსტიტუტი კონსტიტუციის ფარგლებში დავაბრუნო. რაც შეეხება კრიზისს, პოლიტიკური სიტუაცია ახალი არ არის, რაც მე პოლიტიკაში ვარ მას შემდეგ ასეა. 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ გვაქვს სამოქალაქო ომის გამოცდილება, ჩემს და უფროსს თაობას ეს კარგად ახსოვს. მაშინაც იყვნენ გარე ძალები, რომლებიც ჩვენ მიმართ არ იყვნენ კეთილგანწყობილი და ჩვენ ვერ შევძელით სამოქალაქო ომის თავიდან აცილება. მთავრობა ითვალისწინებს ამას, ის იქცევა საკმაოდ ჭკვიანურად. კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, კითხვაზე, რას გულისხმობს ხელოვნურში, ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი ქვეყნები აწყდებიან ხოლმე მსგავს სიტუაციას, „თუმცა სამოქალაქო ომი მხოლოდ მაშინ შეიძლება, მოხდეს, თუ ეს გარედან ინსპირირებულია.“ მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაში სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომმა გაამწვავა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც უცხოური მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა მოითხოვეს.

„უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მოგვთხოვეს მოხალისეების გაგზავნა, ასევე, უნდა მივერთებოდით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გაგვეგზავნა იარაღი, რამდენადაც ეს სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს. ვინაიდან ჩვენ რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტი არაერთხელ გვქონია, სულ ბოლო 2008 წელს, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და საქმე გვაქვს ატომურ სახელმწიფოსთან, ჩვენ უარი განვაცხადეთ. ჩვენ არც ევროკავშირის წევრი ვართ და არც ნატო-სი, ომში მონაწილეობა ძალიან დაგვაზარალებდა. სწორედ ამიტომ ჩვენზე ხორციელდებოდა ზეწოლა. პირველ რიგში, ეს შეეხო კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატ ტრიოს შორის (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) კანდიდატის სტატუსისთვის აუცილებელი საშინაო დავალება საქართველომ ყველაზე კარგად შეასრულა, თუმცა სტატუსი პირველ ჯერზე ვერ მიიღო, რაც გაუგებარი იყო.

„ამ შემთხვევების შემდეგ, მე სხვა დეპუტატებთან ერთად დავაფუძნე დამოუკიდებელი ჯგუფი სახელად „ხალხის ძალა”. ჩვენი მიზანი იყო ამ ზეწოლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის გულწრფელად ინფორმირება. მაშინაც იმართებოდა საპროტესტო აქციები მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა მთავარი კითხვაა, რა დაემართებოდა საქართველოს, მოთხოვნას რომ დავყოლოდით? ამას ვხედავთ უკრაინის მაგალითზე, რომელიც უამრავი ქვეყნის მხარდაჭერის მიუხედავად, ვერ ახერხებს რუსეთის შეჩერებას. ჩვენი ნაბიჯი იყო გაბედული. ეს ნიშნავს საქართველოს გადარჩენას. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ის და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბიო, სწორედ იმას ამბობენ, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით. ის, რომ ჩვენ ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით, ეს დეზინფორმაციაა“-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.