
ჩვენი კოშმარი დღეს იმაზე დიდია, ვიდრე ადრე, თუმცა, ასევე დიდია ჩვენი ვალდებულება უკრაინელი ხალხის, ჩვენი საკუთარი უსაფრთხოებისა და ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არავის სჭირდება და არავის სურს მშვიდობა იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინელებს.
ამასთან, როგორც ბერბოკმა აღნიშნა, მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი და „არა მიყუჩება, მომდევნო რუსულ თავდასხმამდე“.
„გუშინდელმა დღემ ცხადყო, რომ მანკიერების ახალი ერა დაიწყო, რომლის პირობებშიც ჩვენ წესებზე დაფუძნებული წესრიგი და კანონის უზენაესობა უნდა დავიცვათ უფრო მეტად, ძლევამოსილთა წინააღმდეგ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერცერთი თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც ძლიერი მეზობელი ჰყავს, ამიერიდან მშვიდად ვერ დაიძინებს. ამიტომ, მე მკაფიოდ ვიტყვი, ატლანტის ოკეანის მიღმა რა არის სწორი და რა არა, ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენთვის. არავის სჭირდება და არავის სურს მშვიდობა იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინელებს. აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. თუმცა, მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი და არა მიყუჩება მომდევნო რუსულ თავდასხმამდე“, – განაცხადა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრაინისთვის გერმანული დახმარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და შესაბამისი მოთხოვნით ბუნდესტაგს მიმართა.
ბერბოკის თქმით, უკრაინისთვისაც იქნება მდგრადი მშვიდობა ვაშინგტონთან ერთად ან მის გარეშე.
„ჩვენ კიდევ ერთხელ გვჭირდება გერმანული მხარდაჭერის გაზრდა უკრაინისთვის, დაუყოვნებლივ. მივმართავ ყველა დემოკრატიულ პარტიას ბუნდესტაგში, ახლავე ბლოკი მოხსნან სამ მილიარდ ევროს უკრაინის დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ცივი ომის შემდეგ, ახლა ყველაზე ცხელი მომენტია, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინდახედულად და ცივი გონებით მოქმედება. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს ევროპულ უსაფრთხოებაში, ისევე, როგორც ინვესტიციებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში. უკრაინისთვისაც იქნება მდგრადი მშვიდობა ვაშინგტონთან ერთად ან მის გარეშე. როგორც ევროპელები, ჩვენ უფრო ძლიერად უნდა გავუძღვეთ გზას და მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ინტერესები და საერთაშორისო წესრიგი, ყოველგვარი „თუსა“ და „მაგრამის“ გარეშე. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ სუვერენული და თავისუფალი უკრაინის გვერდით. უკრაინა თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის ნაწილია“, – განაცხადა ბერბოკმა.
მისივე თქმით, ვინ არის სასტიკი აგრესორი, ვინ არის მამაცურად დამცველი ამ ომში, ვინ არის დამნაშავე და ვინ მსხვერპლი, ეს სრულიად ნათელია.
„სამი წლის წინ, პუტინის რუსეთი თავს დაესხა უკრაინას უმიზეზოდ და საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ხალხს საშინელი ფორმებით ხოცავდნენ, ქალებს სასტიკად აუპატიურებდნენ, ბავშვებს იტაცებდნენ, მშობლებს აცალკევებდნენ შვილებისგან და ეს ტერორი დღემდე გრძელდება.
ვერასდროს შევეგუებით დამნაშავის მსხვერპლად ქცევას. ეს უსაფრთხოების საწინააღმდეგო მოცემულობაა, ეს საპირისპიროა მშვიდობის და შესაბამისად, კარგი გარიგება ვერ იქნება“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.