საქართველოს საგარეო უწყებაში ქვეყნის მოქალაქეებისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ სატრანზიტო ვიზის შემოღებას ეხმაურებიან. კომენტარი ამ თემაზე მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გააკეთა.
„ბრიტანეთში გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ გააძლიერა საზღვრების კონტროლი, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ბრიტანეთის ტერიტორიაზე ტრანზიტული მგზავრობის შემთხვევაში მოეთხოვებათ შესაბამისი კატეგორიის ვიზა. მაშინაც კი, თუ ისინი მიემგზავრებიან მესამე სახელმწიფოში, როცა არ გადიან ე.წ. სასაზღვრო კონტროლს. მსგავსი ხასიათის რეგულაცია ბრიტანეთს შემოღებული აქვს 100-ზე მეტ სახელმწიფოსთან, მათ შორის ჩვენს მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან, ჩინეთთან და ასევე ბევრ ევროპულ სახელმწიფოსთან“, – განმარტავს თოთლაძე.