“მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ კონსტრუქციული თანამშრომლობა, დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია” – ასოცირების საბჭო

25
spot_img

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ კონსტრუქციული პარტიათაშორისი თანამშრომლობა, დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა, შეაფერხოს ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგი, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, ასოცირების საბჭომ შეაქო საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ხაზი გაუსვა პოლიტიკის შემუშავების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური, არსებითი, სისტემატური ჩართულობის მნიშვნელობას.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირმა ხაზი გაუსვა დეზინფორმაციასთან, ანტიევროპულ რიტორიკასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევასთან ბრძოლის მნიშვნელობას, ასევე მოუწოდა საქართველოს, გადადგას არსებითი ნაბიჯები ამ კუთხით. ამავე დროს აღნიშნა მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა.

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.