“მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაამტკიცოს შემოთავაზებული ცვლილებები “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში -საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა

112
spot_img

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ზიანის მომტანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

როგორც გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული, შემოთავაზებული ცვლილებებით, სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციები გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე არ გავრცელდება, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა ძველი შეფუთვით კიდევ რვა თვით გახანგრძლივდება. ამას გარდა, შემოთავაზებული ცვლილებით, ბრენდისა და ვარიანტების შესახებ ინფორმაცია არა მარტო საქართველოს სახელმწიფო ენაზე, არამედ ინგლისურ ენაზეც შეიძლება, იქნას განთავსებული.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და თამბაქოს კონტროლის ეფექტური პოლიტიკის განხორციელება უმნიშვნელოვანესია. მთავრობებმა უნდა იმოქმედონ, რათა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა დაიცვან თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან ჩარევისგან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. ამ ცვლილებების მიღებით კი პრიორიტეტი ენიჭება თამბაქოს კომპანიების ფინანსურ ინტერესებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების ხარჯზე.

საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მესამედი, ასევე, მოზარდებისა და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი თამბაქოს მომხმარებელია. ქვეყანაში თამბაქოსთან დაკავშირებული ჯანდაცვის პირდაპირი და აგრეთვე არაპირდაპირი ხარჯებით, რაც ნაადრევი სიკვდილიანობის, უნარშეზღუდულობის და სამუშაო ადგილებზე დანახარჯებთანაა დაკავშირებული, გამოწვეული წლიური ზარალი 800 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, დაღუპულთა რიცხვი კი 11,000-ს აჭარბებს. ამ ვითარების შეცვლა თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი და ეფექტური პოლიტიკის გრძელვადიან და მტკიცედ განხორციელებას მოითხოვს. 2017 წელს თამბაქოს კონტროლის შესახებ ძლიერი კანონმდებლობის მიღებით, საქართველომ დადებითი ნაბიჯი გადადგა, რომლის ეფექტური განხორციელებით პირველი შედეგები მიიღო კიდეც. თუმცა, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლების სტაბილურად კლებისა და მისი კატასტროფული ზემოქმედების შესამცირებლად, როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის სრულად ამოქმედება და შემდგომი გაძლიერება არის საჭირო.

თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სტანდარტული შეფუთვის რეგულაციები თავდაპირველად ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამ პუნქტის ამოქმედება 2022 წლის 31 დეკემბრამდე  გადაიდო და შემდგომ კიდევ ერთხელ გადავადდა 2024 წლის პირველ ივლისამდე. ეს გადადება და შემოთავაზებული სხვა ცვლილებები გაუმართლებელია და კიდევ უფრო აჭიანურებს სარგებელს, რაც სადა შეფუთვამ უნდა მოიტანოს“, – ნათქვამია გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, დღეის მდგომარეობით, ევროპისა და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა უკვე სადა შეფუთვას იყენებს, როგორც თამბაქოს კონტროლის ეფექტურ ღონისძიებას.

„ამით თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობა მცირდება, სამედიცინო გაფრთხილების ეფექტი იზრდება, უფრო ნაკლებად ხდება მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა და, საბოლოოდ, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელიც მცირდება.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შემოთავაზებული ცვლილებები არ დაამტკიცოს და ვიმედოვნებთ, რომ ის განაგრძობს უმაღლეს დონეზე გაცხადებული პოლიტიკის გატარებას ჯანმრთელობის დაცვის და თამბაქოს კონტროლის სფეროში, ასევე დაიცავს კანონმდებლობას თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისგან, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ამოქმედების ჩათვლით“, – აღნიშნულია განცხადებაში.