ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ გვესაუბრონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ უნდა დაძლიონ საბჭოური მიდგომა და ისაუბრონ, იმოქმედონ ევროპული მიდგომებით.
„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ გვესაუბრონ. დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ. ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, თავის დროზეც გახსოვთ, რომ „რუსული კანონი“ დაარქვეს კანონს, რომელიც პირდაპირ რევოლუციების წინააღმდეგ იყო მიმართული, მაშინაც შევთავაზეთ ევროპულ ბიუროკრატიას, მაშინდელ ყოფილ ამერიკულ ბიუროკრატიას, გვესაუბრა საჯაროდ, საზოგადოების თვალწინ, ყველა თემასთან დაკავშირებით. თუ დაგვიმტკიცებდნენ, დაასაბუთებდნენ, რომ რაღაც იყო ცუდი ამ კანონში, ჩვენ ვიყავით მზად, დაგვეხია უკან. არავითარი დისკუსია, საბჭოური მიდგომა. აქაც იგივეა, დეპეშებს გვიგზავნიან. მოდით, დაძლიონ საბჭოური მიდგომა და გვესაუბრონ, ევროპული მიდგომებით იმოქმედონ. ეს არის ჩვენი მოწოდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. არის ნული კომუნიკაცია, გარდა გამოგზავნილი დეპეშისა. ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში. გარდა ასეთი ტიპის დეპეშისა, არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა ევროპულ ბიუროკრატიასთან, რაც არის საბჭოური მიდგომა. მე ვისურვებდი, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ეს საბჭოური მიდგომა დაძლიოს. ჩვენ ვართ ღია საუბრისთვის, იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ვართ აბსოლუტურად მართლები. საჯაროდ იქნება, არასაჯაროდ იქნება, მოვიდნენ და სცადონ კომუნიკაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს არავითარი უფლება, ისაუბროს ძალადობაზე არცერთი მხრიდან, იმ პირობებში, როდესაც 2023 წლის გაზაფხულის ძალადობაც, 2024 წლის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული.
„ადამიანის უფლების დაცვას ეძახიან იმას, რომ ჩვენ უნდა გავაუქმოთ კანონი, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთება. ასევე, რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, უწოდეს „რუსული კანონი“ და ათასი უბედურება, აქაც ნული არგუმენტი, ნული მტკიცებულება. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ერთი რამ მინდა, შევახსენო ევროპულ ბიუროკრატიას, მათი ელჩი აქეზებდა იმ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ყოფილი ამერიკელი ელჩი აქეზებდა იმ ძალადობას, რომელიც თავის დროზე ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ასეთ პირობებში მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ იქ სამართალდამცველმა იძალადა მომიტინგეზე, არის აბსოლუტურად უადგილო. მათ არ აქვთ ამის მორალური უფლება. შეიძლება, სხვამ გვითხრას ეს ყველაფერი, შეიძლება, რიგითმა ჩვენმა მოქალაქემ გვითხრას ეს ყველაფერი, მაგრამ ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს არავითარი უფლება, ისაუბროს ძალადობაზე არცერთი მხრიდან, იმ პირობებში, როდესაც 2023 წლის გაზაფხულის ძალადობაც და 2024 წლის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული. 2024 წლის შემოდგომის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული. უფრო ადრე კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს და მათი დაფინანსებული „ენჯეოებით“ ცდილობდნენ ასევე ხელისუფლების გადატრიალებას. ამ პირობებში და ამ ფონზე მათ არ აქვთ არავითარი მორალური უფლება, რომ ვინმეს ესაუბრონ ძალადობაზე. ჩვენმა მოქალაქეებმა დაგვისვან ეს შეკითხვები, გაგვაკრიტიკონ იმისთვის, რომ გამოძიება ვერ მივიდა ბოლომდე, იქნება ეს ობიექტური თუ არაობიექტური მიზეზებით, მაგრამ ევროპულ ბიუროკრატიას, განსხვავებით საქართველოს მოქალაქისგან, ამის მორალური უფლება უბრალოდ არ აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.