საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ეს არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობლიზებულები არიან სამართალდამცველები. ასევე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებმაც უშუალოდ უნდა ისარგებლონ აეროპორტის მომსახურებით და ობიექტეზე დასაქმებული პირები.
პოლიცია იცავს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება აეროპორტის შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ დასაშვებ ტერიტორიაზე, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.