საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
„დღეს საზოგადოებაში საპროტესტო აქციების პარალელურად სიძულვილმა ზღვარს მიაღწია, არ ჩანს ორმხრივი დიალოგისა და დისკუსიის მზაობა, რაც სასურველი იქნებოდა.
მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებებისა. სამწუხაროა, რომ საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა. ამას გარდა, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გამართული სანახაობის დროს მომიტინგეებმა გამოიყენეს კუბო, რომელზეც მაცხოვრის გამოსახულება იყო ამოკვეთილი. ამ წარმოდგენის დროს აქციის მონაწილეებმა კუბო და მასზე მაცხოვრის გამოსახულება დაწვეს.
რაოდენ სამწუხაროა, რომ ასეთი ქმედებები კიდევ უფრო აპირისპირებს საზოგადოებას. ეს ყველაფერი გააზრებული მკრეხელობაა მათი მხრიდან, ვინც დააორგანიზა სანახაობები ან შეგნებულად მონაწილეობდა მათში, მეტი პასუხისმგებლობაც სწორედ ორგანიზატორებს ეკისრებათ.
ეს და მსგავსი ფაქტები გვახსენებს ეკლესიების დარბევისა და შეურაცხყოფის მძიმე პერიოდს, რომელიც ჩვენს უახლოეს წარსულში გამოვცადეთ. ვფიქრობთ, ამ ქმედებებში ნაწილი მომიტინგეებისა გაუაზრებლად აღმოჩნდა, თუმცა ყველა შემთხვევაში მართებთ მათ ამ აქტების სიმძიმის გაცნობიერება და შესაბამისი სინანული.
ქაშუეთის ტაძარში მომიტინგეთა დასახმარებლად სასულიერო პირები ყოველღამე ათენებენ, მომიტინგეების ნაწილი კი ტაძარში შედის და მათთან ერთად ლოცულობს. ბუნებრივია, ამის პარალელურად ტაძრის მიმდებარედ მსგავსი რიტუალები მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს და ასევე შეურაცხმყოფელია მორწმუნეთათვის, განურჩევლად იმისა, მომიტინგეთა შორის არიან თუ არა ისინი.
ქრისტიან ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მჩხიბაობა არ შეიძლება გასართობ სანახაობად აღიქმებოდეს, ეს გვაშორებს ღმერთს და გვმართებს სიფრთხილე, უნებურად არ აღმოვჩნდეთ ოკულტური მსახურების მონაწილენი.
საქართველო ქრისტიანობისთვის მოწამეთა ქვეყანაა და გზა, რომელიც სიწმინდეების გათელვაზე გაივლის, დამღუპველია.
უფალმა მოგვანიჭოს გული გონიერი, სიმდაბლე და ურთიერთსიყვარული“, – ნათქვამია განცხადებაში.