მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრ “განთიადში” ილია ბაბუციძის ტურნირი ძიუდოში გაიმართა

494
spot_img

მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრ “განთიადში”, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ილია ბაბუციძის ხსოვნისადმი მიძღვნილი IV რესპუბლიკური შეჯიბრი გაიმართა ძიუდოში. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს თბილისისა და საქართველოს რეგიონების ძიუდოს კლუბების წარმომადგენლებმა. 2009-2010 წელს დაბადებულმა ვაჟებმა და 2009-2010-2011 წლებში დაბადებულმა გოგონებმა. შეჯიბრებაში სულ 250-მდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.

ტურნირში გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული დიპლომები, მედლები და თასები გადაეცათ. პრიზიორი სპორტსმენები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, სამგორის რაიონის წარმომადგენელმა, კობა დიასამიძემ დააჯილდოვა. ღონისძიებას, საპატიო სტუმრები და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირის, ილია ბაბუციძის მშობლები დაესწრნენ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი „განთიადი” 2016 წლიდან ფუნქციონირებს. იგი ემსახურება ახალგაზრდა თაობებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობას. ცენტრი ამ მიზნის მისაღწევად პერმანენტულად ატარებს საქალაქო და რაიონულ ტურნირებს და სხვადასხვა ღონისძიებებს.

ილია ბაბუციძე წარმოშობით აჩაბეთიდან იყო. 1982 წლის 25 მარტს ცხინვალში დაიბადა. ცხრა კლასის დასრულების შემდეგ, სწავლა კადეტთა კორპუსში განაგრძო, შემდეგ უკრაინაში, ქ. ხმელნიცკის სახელობის სასაზღვრო აკადემია წარმატებით დაასრულა და სხვადასხვა დროს, საქართველოს საზღვრებს იცავდა მთა-თუშეთსა და ლაგოდეხში. 2008 წლის მაისიდან კი, IV ბრიგადაში, 41-ე ბატალიონის კავშირგაბმულობის ( J6-ის) უფროსი იყო. 2008 წლის 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. ილია,თავისი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ზურგში უნდა დარჩენილიყო, თუმცა, როდესაც ცხინვალის მშენებარე ინსტიტუტში, მტრის ალყაში მოხვედრილი ქართული ასეულის შესახებ შეიტყო, რომლებიც შველას ითხოვდნენ, მიატოვა პოსტი და ათკაციანი ჯგუფით, მათ დასახმარებლად გაეშურა. თანამებრძოლები გადაარჩინა, მაგრამ თავად დაიღუპა_სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. უფროსი ლეიტენანტი, ილია ბაბუციძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. ასევე, ორდენით ”მხედრული მამაცობისათვის”.