მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით განხორციელებული მასირებული იერიშის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა, 18 კი – დაშავდა -რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო 

31
spot_img

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით განხორციელებული მასირებული იერიშის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა, 18 კი – დაშავდა.

ამის შესახებ რუსული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიევის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები დომოდედოვოში, კომპანია „მირატორგის“ ავტოსადგომზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაიღუპა დაცვის თანამშრომელი. დაზიანებულია ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთზე გასული ღამით განხორციელებული თავდასხმა უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან ყველაზე მასირებული გახდა. უწყების ინფორმაციით, რუსეთის დასახლებების მიმართულებით 330-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი იყო გაშვებული.

რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, მოსკოვის მისადგომებთან საჰაერო თავდაცვის ძალებმა 74 დრონი ჩამოგდეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი, მოსკოვის ოლქში ჩამოგდებულია 91 დრონი. იერიში ასევე მიიტანეს ბრიანსკის, კურსკის, ლიპეცკის, ბელგოროდის, რიაზანის, კალუგის, ორლოვის, ვორონეჟის, ნიჟეგოროდსკის ოლქებზე.

უპილოტოებით თავდასხმის გამო, დროებით შეიზღუდა „დომოდედოვოს“, „შერემეტიევოსა“ და „ვნუკოვოს“ აეროპორტების მუშაობა. რკინიგზის დაზიანების გამო კი შეფერხდა მატარებლების მიმოსვლა დომოდედოვოს სადგურზე.