უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ 2022 წლის მარტში სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად მოსკოვსა და კიევს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის და ზოგადად დასავლეთის ინიციატივით არ შესრულდა.
არესტოვიჩმა მაშინ ომის გაგრძელების თაობაზე უკრაინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა.
„2022 წლის 29 მარტს ხელი მოეწერა შეთანხმებას სტამბოლში. 9 აპრილს კი ზელენსკისა და პუტინს შორის უნდა შემდგარიყო შეხვედრა და შეწყვეტილიყო ცეცხლი, დაწყებულიყო მათი პირისპირ მოლაპარაკებები. ჯონსონიც სწორედ ამ დღეებში ჩამოვიდა კიევში. ზელენსკის პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არახამიამ პირდაპირ განაცხადა, რომ სწორედ ჯონსონი იყო ის, ვინც თქვა, რომ არა, ომი გააგრძელეთო. ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ჯონსონის პასუხისმგებლობა არ იყო. ჩემი აზრით, მხოლოდ ჯონსონის პოზიცია არ იქნებოდა საკმარისი. აქ იქნებოდა ბაიდენის ადმინისტრაციიდანაც გზავნილებიც. რატომ დავუჯერეთ, ეს ცალკე კითხვაა. ჩვენ მაშინ მართლაც შევაჩერეთ რუსეთის თავდასხმის გეგმა. რუსეთი მოლაპარაკებების დროს მიდიოდა დიდ დათმობებზე. ამას ემატებოდა ბუჩას ტრაგედიის ტრავმებიც და ვფიქრობ, უკრაინის მხრიდან უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იყო ომის გაგრძელება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.