მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს, – ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.
სობიანინის თქმით, შემთხვევა მოსკოვის დროით დაახლოებით 04:00 საათზე დაფიქსირდა. მისივე განცხადებით, შენობებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია და დაშავებულები არ არიან.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დრონის ფრაგმენტები სამინისტროს შენობიდან 2 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს.
„დღეს, დაახლოებით დილის 04:00 საათზე ორ არასაცხოვრებელ კორპუსზე დაფიქსირდა უპილოტო თვითმფრინავის დარტყმა. სერიოზული დაზიანება და მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილზე ყველა ოპერატიული სამსახური მუშაობს”, – წერს მოსკოვის მერი.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი დრონი ჩამოაგდეს კომსომოლსკის პროსპექტზე, მეორე კი ლიხაჩევის პროსპექტზე შენობას მოხვდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.
„24 ივლისს დილით, კიევის რეჟიმის ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა ორი უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვის ობიექტებზე. ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს და ჩამოაგდეს ელექტრონული ომის საშუალებით“, – აცხადებენ სამინისტროში.
მომხდართან დაკავშირებით კიევს კომენტარი არ გაუკეთებია.