
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი ვერ ხედავს, რომ ევროპას სურს, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა.
ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა „ინტერფაქსს“ მას შემდეგ განუცხადა, რაც კიევში მყოფმა ევროპელმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის გეგმას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„ევროპიდან ბევრ წინააღმდეგობრივ განცხადებას ვისმენთ. ისინი, ზოგადად, უფრო კონფრონტაციული ხასიათისაა, ვიდრე ჩვენი ურთიერთობების აღდგენის მცდელობისკენ მიმართული“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის პერსპექტივებზე საუბრისას დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირა მზაობა „ურთიერთქმედებისა და დიალოგისთვის ნებისმიერ ლიდერთან“.
ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა დღეს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების შესახებ ერთიანი პოზიცია დააფიქსირეს.
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კი „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, თუ ეს შეხვედრა ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.