მოსკოვი და ვაშინგტონი ევროპაში რუსული გაზის მიწოდების განახლების საკითხს განიხილავენ

17
spot_img

მოსკოვი და ვაშინგტონი ევროპაში რუსული გაზის მიწოდების განახლების საკითხს განიხილავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორმხრივი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული წყაროები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის გაზის ბაზარზე მოსკოვის განახლებულმა როლმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის პრეზიდენტთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას. მედიასაშუალების ორი წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს გაზის საკითხზე საუბრები ჰქონდათ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში.

როგორც „როიტერი“ წერს, უიტკოფის პრესსპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, ხოლო რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი, რომელსაც დმიტრიევი ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ამჟამად მსგავსი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

აპრილში ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, გაყიდოს გაზი და იცის, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას კვლავ სურს მისი შეძენა.

ამასთან, ამერიკელების ჩართულობასთან დაკავშირებით ხუთმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ განიხილებოდა ამერიკული ინვესტორების მიერ რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი მილსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადის“, უკრაინაზე გამავალი გაზსადენის ან თავად „გაზპრომის“ წილების შეძენა. ასევე განიხილებოდა ამერიკული კომპანიების მიერ „გაზპრომისგან“ გაზის შეძენისა და ევროპისთვის მიწოდების იდეა.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ევროპამ მნიშვნელოვნად შეამცირა რუსული გაზის იმპორტი, რის შედეგადაც რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ გასულ წელს შვიდი მილიარდი დოლარის ოდენობის დანაკარგი ნახა, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა კვლავ ყიდულობს რუსულ გაზს, მათ შორის უნგრეთი და სლოვაკეთი. მათ რუსული ბუნებრივი აირი გაზსადენ „თურქული ნაკადით“ მიეწოდებათ. ასევე რამდენიმე ევროპული ქვეყანა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ყიდულობს გათხევადებულ აირს რუსული კომპანია „ნოვატეკისგან“. ამასთან, ინდუსტრიის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, რუსულ გაზს შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც დაუბრუნდნენ.

„როიტერის“ წყაროები აღნიშნავენ, რომ გაზის მიწოდების განახლებაში ვაშინგტონის მონაწილეობამ  მოსკოვს შესაძლოა, ევროპის ქვეყნების უმეტესობაში პოლიტიკური წინააღმდეგობის დაძლევაში დაეხმაროს. ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, ეს სარგებლის მომტანი იქნება ვაშინგტონისთვისაც, რადგან ამით შესაძლოა, აშშ-მა მოიპოვოს კონტროლი ევროპაში რუსული გაზის იმპორტზე.

2022 წლიდან ევროპამ გაზის ალტერნატიულ მიმწოდებლებს მიმართა, კერძოდ, გაიზარდა გათხევადებული აირის იმპორტი აშშ-დან.