“მოსამართლეთა სოლიდარობა არა კონკრეტული გვარების ირგვლივ ჩამოყალიბდა – არამედ ქვეყნის სუვერენულ უფლებაზე”

94
spot_img

მოსამართლეთა სოლიდარობა არა კონკრეტული გვარების ირგვლივ ჩამოყალიბდა – არამედ, ქვეყნის სუვერენულ უფლებაზე: ჰყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობაზე და უდანაშაულობის პრეზუმპციაზე, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამმა მოსამართლემ, სანქცირებული კოლეგების სოლიდარობის მიზნით, აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი თქვა.

დავით ქართველიშვილის განცხადებით, კოლონიზატორული დამოკიდებულება ქვეყნის, როგორც ვასალის მიმართ, საქართველოში არ გაჭრის. მისივე თქმით, მსგავსი მიდგომის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ევროპულმა სახელმწიფომაც აიმაღლა ხმა.

„ჯანყი ჯორჯიას პლანტაციებზე“. რატომღაც გამახსენდა მე-19 საუკუნის ქართველი სემინარისტების პროტესტი ეგზარქოსის მიმართ, ვინც საეკლესიო ენას და გალობას გვიწუნებდა. იქიდან დაიწყო ეს ტალღა და 1918 წლის 26 მაისამდე მიაღწია. რა მოხდა შემდეგ – ეს სხვა ისტორიაა და უდიდესი გამოცდილება, თუ რატომ არ უნდა დავკარგოთ დე ფაქტო დამოუკიდებლობა დღეს. მოსამართლეთა სოლიდარობა არა კონკრეტული გვარების ირგვლივ ჩამოყალიბდა – არამედ ქვეყნის სუვერენულ უფლებაზე: ჰყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობაზე და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.

საბჭოური „ტროიკების” განაჩენები – გამოვიარეთ. მიდგომა: ეს კანონი „რუსულია“, იმიტომ რომ მე ასე მინდა, ან ეს მოსამართლე „კორუმპირებულია“, იმიტომ რომ მე ვთქვი ასე – შეიძლება დღეს ჭრიდეს უკრაინასა თუ მოლდოვაში, მაგრამ არა საქართველოში. დღეს მსგავსი მიდგომების წინააღმდეგ ხმა აიმაღლა საფრანგეთმაც და ევროსაბჭომაც. კოლონიზატორ-ვასალის დამოკიდებულებას დღეს ევროპაც ეწინააღმდეგება. ჩვენ ასეთ მიდგომას სოლიდარობას ვუცხადებთ!“ – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სამმა მოსამართლემ აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი თქვა, რაც სოლიდარობის ერთგვარი აქტია.