მოსამართლეს იგივე წარმატებით შეეძლო დაედგინა, რომ ნიკა მელია „კაციჭამიაა“, ბავშვებს იტაცებს – ადამიანმა წყალი შეასხა კი არა, საერთოდ, როგორ უძლებს ნერვები ყველა ჩვენგანს – ნიკა გვარამია

39
spot_img

მოსამართლეს იგივე წარმატებით შეეძლო დაედგინა, რომ ნიკა მელია „კაციჭამიაა“, ბავშვებს იტაცებს, არ ვიცი, სიგიჟეს ვუყურებდით საათების განმავლობაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა და ნიკა მელიას ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლაზე.

მისივე თქმით, ნიკა მელია უკანონო პატიმარია. ამასთან, გვარამიამ ისაუბრა მელიას მიერ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის სასამართლო პროცესზე წყლის შესხმის ფაქტზე.

„ადამიანმა წყალი შეასხა კი არა, საერთოდ, როგორ უძლებს ნერვები ყველა ჩვენგანს, განსაკუთრებით მოქალაქეებს, რომლებსაც მართლა მართლმსაჯულება სჭირდებათ, პოლიტიკოსები მიჩვეულები მაინც ვართ და ვიცით, რაზეა ლაპარაკი, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა, ეს კაცი არის უკანონო პატიმარი. მოსამართლე შვანგირაძეს ჰყავს უკანონო პატიმარი. ვიმეორებ, არა იმიტომ, რომ არასწორად განმარტა ნორმა, ან მტკიცებულებების გარეშე მიუსაჯა – არა, დაარღვია კანონის ის მოთხოვნა, რომ ადამიანი ამ ვითარებაში პატიმრობაში არ შეიძლება იყოს, წერტილი აქ!

ფაქტი არის ამბავი და ფაქტი არის ის, რომ ადამიანი დააკავეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ იყო შესაძლებლობა, რომ კანონით დადგენილი მოთხოვნები შეესრულებინა“, – განაცხადა გვარამიამ.

მისი განმარტებით, აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ნიკა მელიას შეფარდებული 50 000 ლარის გირაოს გადახდისთვის 29 დღე ჰქონდა განსაზღვრული.

„აბსურდია, 29 დღე ამ მიზნებისთვის უდრის 3 საათს! არანაირი სხვაობა არ არის. თუ 29 დღე შეეძლო გადახდა, 3 საათშიც შეეძლო. 3 საათი იყო გადამწყვეტი მოსამართლისთვის და არა, მელიასთვის. მოსამართლისთვის არის გადამწყვეტი ის, რომ სანამ ეს 3 საათი არ გავა, მანამდე პირი არ შეიძლება პატიმრობაში გაუშვას, წერტილი! არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, რას ფიქრობს, რას აცხადებს და ა.შ. გირაოს გადახდას რომ არ აპირებდა პროკურატურამ იცის, ეს ყველამ იცოდა, შეეცვალათ მაშინ, 29 რატომ ფიგურირებდა?! არაფერი, ეს ტექნიკურად გაეპარა პროკურატურას, მერე მოიგონა, რომ ვითომ არ იყო, მერე სანამ ვადა გავიდოდა უკანონოდ გაიტაცეს. ამას მართლმსაჯულება არ ჰქვია არცერთ ენაზე.

მოსამართლე იჯდა მჩხიბავივით, რაღაცებს ვარაუდობდა, კითხულობდა და მე მკითხავი არ ვარ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი განმარტებით, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს მელიას მიმართ არ გასჩენია შეკითხვა, თუ რატომ დააკავეს ის 29 მაისს.

„ამით არც დაინტერესებულა. ის მაინც გამოეკვლია, ადამიანი მართლა თავისუფლებააღკვეთილი იყო, თუ არა“, – განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ „ოლიგარქია უნდა დაემხოს, სხვანაირად არაფერი გამოვა“.