მოსამართლე ხუჭუამ დავალებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო- კახა კალაძე

11
spot_img

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოსამართლე როდესაც ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, როგორიც საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში იხილა, ის მყარ მტკიცებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რათა ყველა ინსტანციას გაუძლოს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, რომელსაც სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

„ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას როდესაც იღებ, ყველაფერი დაფუძნებული უნდა იყოს ფაქტებსა და მტკიცებულებებზე. შემდეგ, ყველამ ვიხილეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება და როდესაც დეტალებში შევედით, არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, დავალებით გაკეთებული. თუკი ადამიანებმა ნახეს ამ კონკრეტული მოსამართლის ოჯახის წევრების ვიდეოები, ყველაფერი ცხადი და ნათელია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას როდესაც იღებ, ისეთი მყარი მტკიცებულებები უნდა გქონდეს, რომ ყველაფერმა ყველა ინსტანციას გაუძლოს, როგორც ვიცით, გასაჩივრებულია და დაველოდოთ, როგორი იქნება შემდეგი ინსტანციების გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მის მოლოდინებს საია-ს, ISFED-ის და სხვა ორგანიზაციების სარჩელებზე, თბილისის მერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ყველაფერი განიხილონ, რათა არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს.

„თუ დააკვირდებით საჩივრების რაოდენობასაც და სტატისტიკასაც, 2020 წელს უფრო მეტი საჩივარი იყო, ვიდრე 2024 წელს, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ შინაარსობრივად არაფრისმთქმელია. მაგალითად, ერთ-ერთ საჩივარში წერია, რომ ერთმა დამკვირვებელმა მეორე გადაკოცნა და ამაზე დაიწერა საჩივარი. ამ ტიპის საჩივარი ბევრია. რა თქმა უნდა, ყველაფრის განხილვა მოხდება. ჩვენ ასევე მზადყოფნა გამოვთქვით იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც 2020 წელს, ახლაც, თუ ვინმეს რაიმე სურვილი აქვს გადათვლის, თუ რაიმე კითხვები არსებობს, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.