
მოსალოდნელი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის თემას გამოიყენებდა იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელიც საკუთარი ხელმძღვანელების მხრიდან, დიდი ხანია, აქვს, – ამის შესახებ ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს კვლავ სურს, დესტრუქციულ ძალებში ლიდერი იყოს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“.
„მოსალოდნელი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის თემას გამოიყენებს იმ ამოცანის შესასრულებლად, რაც მას საკმაოდ დიდი ხანია, აქვს დაყენებული თავისი ხელმძღვანელების მხრიდან. იგი ამ შემთხვევაში მარიონეტია, ყოველთვის „დიფ სთეითის“ მარიონეტი იყო. თუკი გავაანალიზებთ იმ განცხადების უტიფრობის დონეს, რომელიც მან გააკეთა 26 მაისს პრეზიდენტობის პერიოდში, მთავარსარდლობის პერიოდში, ახალწვეულების წინაშე, უცხოელი სტუმრების, ომში დაღუპული გმირების ოჯახების წინაშე, უნდა ვიგულისხმოთ, საქართველოს წინააღმდეგ ეს ბრძოლა იქნება ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იმ სტრატეგიისა, რომელიც უტიფარ ოპოზიციას ახასიათებს.
სალომე ზურაბიშვილს კვლავ უნდა ლიდერი იყოს ამ დესტრუქციულ ძალებში, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობაც გადაწყვიტა. იგი ყველანაირად ეცდება, მისი სტრატეგია გაცილებით უფრო დამაზიანებელი იყოს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ე.წ. პოლიტიკური სუბიექტის მოსაზრებები, თუ როგორ შეიყვანონ ჩვენი ქვეყანა დესტაბილიზაციის შეუქცევად პროცესში. ეს არის მისი ამოცანა, მისი ხედვა, მისი შინაარსი და ეს განცხადებაც, რომელიც გააკეთა, რასაკვირველია, ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შესაქმნელად მუშაობას იწყებს.