
აშშ აპირებს, აიძულოს რუსეთი, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, შესაბამის კანონს ხელი მოაწეროს.
აშშ-ის სენატორმა ლინდსი გრეჰემმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი პროგრესია მიღწეული კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
„რას ითვალისწინებს ეს კანონპროექტი? თუ თქვენ რუსეთიდან შეიძენთ პროდუქტებს და არ დაეხმარებით უკრაინას, მაშინ შეერთებულ შტატებში იმპორტირებული თქვენი პროდუქცია 500%-იან ტარიფებს დაექვემდებარება. ინდოეთი და ჩინეთი პუტინის ნავთობის 70%-ს ყიდულობენ. ისინი მის საომარ მანქანას უჭერენ მხარს. ჩემს კანონპროექტს 84 თანაავტორი ჰყავს. ის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, ჩინეთის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფები დააწესოს, რათა ისინი აიძულოს, შეწყვიტონ პუტინის საომარი მანქანის მხარდაჭერა და მას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ უბიძგოს“, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მოქმედების დროა – კანონპროექტის წინ წასაწევად“. ამავდროულად, გრეჰემმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ტრამპს მისცემს ინსტრუმენტს, რომელიც მას დღეს არ აქვს.
„ივლისის შესვენების შემდეგ ჩვენ ვაპირებთ კანონპროექტის მიღებას“, – აღნიშნა გრეჰემმა.
მისი აზრით, ტრამპი ხელს მოაწერს დოკუმენტს, თუმცა მას აქვს უარის თქმის უფლება.
„ჩვენ ვცდილობთ, პუტინი ვაიძულოთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, – ხაზგასმით აღნიშნა სენატორმა.