მონღოლეთის მთავრობა აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო ვერ დააკავეს

7
spot_img

ვლადიმერ პუტინი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო ვერ დავაკავეთ. ამის შესახებ მონღოლეთის მთავრობის სპიკერი გამოცემა Politico-სთვის მიცემულ განცხადებაში საუბრობს.

მონღოლეთის მთავრობის სპიკერის თქმით, ქვეყანა ენერგეტიკული დამოკიდებულების ვითარებაში აღმოჩნდა, და ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერით პუტინის დაკავებას ართულებს.

“მონღოლეთი თავისი ნავთობპროდუქტების 95%-ისა და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტის იმპორტირებას ჩვენი უშუალო მეზობლებისგან [რუსეთი და ჩინეთი] ახდენს, აქამდე ის ტექნიკური მიზეზებით გამოწვეული შეფერხებების განიცდიდა. ამ მიწოდებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი არსებობისთვის, ჩვენი ერის არსებობისთვის”, – განაცხადა მონღოლეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მონღოლეთი “ყოველთვის ემხრობოდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკას თავის ყველა დიპლომატიურ ურთიერთობებში, რაც ჩვენი ოფიციალური განცხადებებით დასტურდება”.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 3 სექტემბრის მონღოლეთში ვიზიტი მისი პირველი ვიზიტი გახდა რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყანაში, მას შემდეგ რაც 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ჰააგის სასამართლო) მისი დაკავების ორდერი გასცა.