საქართველოს მოქალაქეები – პილოტები, ბორტგამყოლები და ინჟინრები ამ დრომდე სუდანის ტერიტორიაზე რჩებიან. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კონფლიქტის ზონაში ჩარჩენილი ქართველები დედაქალაქ ხარტუმის ყველაზე ცხელ წერტილს განარიდეს, მათი სრული ევაკუაციისთვის კი მუშაობა გრძელდება.
„სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქ. ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, საიდანაც განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დამსაქმებელი კომპანიის ერთობლივი მუშაობით მოხერხდა ცხელი წერტილიდან, სადაც მუდმივი შეტაკებები მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ამჟამად, მოქალაქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში. უწყება აგრძელებს მუშაობას სუდანიდან მათი სრული ევაკუაციისთვის“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
სუდანში ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავი დაიწვა
სუდანის დედაქალაქში 15 აპრილის შემდეგ სწრაფი რეაგირების ძალებსა და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.