„მოხდება საყოველთაო დაუმორჩილებლობა ქვეყნის მასშტაბით“ – ნიკა მელია

9
spot_img

სასტუმრო „ქორთიად მერიოტში“ ბარიერგადალახული ოპოზიციური წევრების შეხვედრა დასრულდა. მათი თქმით, მთავარი, რითაც ბრძოლას აპირებენ, ეს სახალხო პროტესტია.

„ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის ბრძოლა სახელმწიფოებრიობისთვის და არა ვიღაცებისთვის. ასევე, მოხდება საყოველთაო დაუმორჩილებლობა ქვეყნის მასშტაბით. ვინ, როგორც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რომელი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენ ოფისშიც არ უნდა შევიდნენ, ეს პროტესტი გაგრძელდება.

მიუხედავად იმისა, ვის რომელ ოფისში თავს დაესხმებიან, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ყურადღება არ უნდა იყოს გადატანილი და გამარჯვება იქნება გარდაუვალი. ყველას გვაქვს გაცნობიერებული, როდესაც 300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და ბევრი მათგანი უმოწყალოდ ნაცემი, მხოლოდ იმიტომ რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ხილვა უნდათ მომავალში. ეს არის ერთადერთი მოტივაცია.

ყველანი ვართ ამ პროცესში თანასწორები, ამიტომ ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რომელ პოლიტიკურ პარტიას დალუქავენ და ა.შ. ეს ოფისები არის უკვე პირობითი, ვეღარ ასრულებენ პარტიულ ფუნქციებს. ეს ოფისები როგორც ფართი მოხმარდეს ნაცემი ადამიანების დროულ რეაბილიტაციას, სანამ ისინი საავადმყოფოში იქნებიან გადაყვანილები.

ამიტომ, ვისაც არ გჯერათ, რომ ამ ქვეყანაში რუსული ინტერესი უპირისპირდება ქართველ ხალხს, ამ ადამიანებთან კამათს აღარ ვაპირებთ. მაგრამ, დიდი უმრავლესობა ძალიან სწორად აფასებს შექმნილ ვითარებას,“- ამბობს ნიკა მელია.