,მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა”- პაველ ჰერჩინსკი

25
spot_img

საქართველოში ევროკავშირის სრულუფლებიანი ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად, საჭიროა ხელისუფლების და ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა.

„14-15 დეკემბერს ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები შეიკრიბებიან ბრიუსელში და გადაწყვეტენ ევროკავშირის გაფართოების გეგმას. საუბარია ათ ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზეც. ეს ჩემთვისაც ძალიან ემოციური მომენტია.

როგორც ვიცით, ევროკომისიამ 8 ნოემბერს პოზიტიური რეკომენდაცია მისცა 27 სახელმწიფოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 27 სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროკავშირის ამ პოზიტიურ რეკომენდაციას, თუმცა ამ გადაწყვეტილების გაცნობამდე კიდევ ორი კვირა მოგვიწევს ლოდინი, მოთმინება ვიქონიოთ და ვიყოთ იმედიანად. ბევრი რამ გაკეთდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ვართ იქ, სადაც ვართ. ბოლო დღეებშიც ბევრი ახალი ინიციატივა იყო რეფორმებთან დაკავშირებული წინსვლისთვის. რეფორმები აუცილებელია ამ და მომდევნო ნაბიჯებისთვის, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და 9 ნაბიჯიანია სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელს გადაუგზავნა. ევროკომისიაში ჩემი კოლეგები განიხილავენ ამ სამოქმედო გეგმას და მათ ექნებათ უკუკავშირი. ყველა უნდა მუშაობდეს ერთად ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რაც საჭიროებს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციიდან“, – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.