მოგვდის ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დონორი, პირდაპირ ზემოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომ მათ რეგისტრაცია არ გაიარონ – პაპუაშვილი

29
spot_img

სამწუხაროდ, მოგვდის ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დონორი, პირდაპირ ზემოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომ მათ რეგისტრაცია არ გაიარონ და იმ შემთხვევაში, თუკი, ისინი თავიანთ დაფინანსებას გამჭვირვალეს გახდიან, ეუბნებიან, რომ დაფინანსებას ჩაუხსნიან, რაც აღმაშფოთებელი ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა გამოჩნდება ის ფაქტი, თუ რა ღირებულებებით მოქმედებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

„მე მგონი, ეს ლუსტრაციის კარგი პროცესი იქნება, როცა საბოლოო ჯამში შევხედავთ NGO სექტორი სინამდვილეში რა ღირებულებებით მოქმედებს. NGO სექტორი, რომელიც ღაღადებდა და ქადაგებდა კანონის უზენაესობას, სამართლებრივ სახელმწიფოს, მართლწესრიგს, ვნახოთ ახლა, თავიანთი ღირებულებებით მოქმედებენ თუ არა. შევხედავთ ახლა, კანონის დარღვევაზე წამსვლელი ორგანიზაციები არიან, ეს არის მათი ღირებულება, ეს არის ევროპა, რომ კანონი უნდა დაარღვიონ, თუ არ მოგწონს რაღაც კანონი, მაგალითად, რეგისტრაციასთან დაკავშირებით, არ დარეგისტრირდე, ვიღაცას არ მოსწონს, რომ ავტობანზე 110 კმ/სთ არის შეზღუდვა და იმან 150 კმ/სთ იმოძრაოს, ვიღაცას შეიძლება სხვა რაღაც არ მოსწონდეს, ეს არის, როგორც ჩანს, ის ევროპული ღირებულება, რომელიც ამ უცხოური დაფინანსებით მათში აღიზარდა სულიერად. დავაკვირდებით, ამ ღირებულებით არიან, თუ არა. შეიძლება, ვიღაც ამ კანონს არ ეთანხმებოდეს, შეიძლება ვიღაცას თავისი შეფასებები ჰქონდეს, მაგრამ ამისთვის სამართლებრივი გზები არსებობს, რომელსაც მათ მიმართეს კიდეც – საკონსტიტუციო სასამართლოში [შეიტანეს სარჩელი], ეს რუტინული პროცესია, საქართველოს პარლამენტს ყოველ წელს, დაახლოებით, 20 სხვადასხვა პროცესი აქვს ხოლმე, როცა სხვადასხვა მოქალაქეები, თუ ორგანიზაციები ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. თუ არ ეთანხმებიან და ფიქრობენ, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ კანონის დარღვევის ეს თვითნებობა, ეს არის ზუსტად რუსეთი, ამას საერთოდ არ აქვს კავშირი ევროპასთან“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას რეგისტრაციის გავლისკენ მოუწოდებს.

„სამწუხაროდ, მოგვდის ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დონორი, პირდაპირ ზემოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომ მათ რეგისტრაცია არ გაიარონ და იმ შემთხვევაში, თუკი, ისინი თავიანთ დაფინანსებას გამჭვირვალეს გახდიან, ეუბნებიან, რომ დაფინანსებას ჩაუხსნიან, რაც აღმაშფოთებელი ფაქტია, როცა დონორები, ანუ უცხო ქვეყნის სახელმწიფოები, თუ ორგანიზაციები სხვა ქვეყანაში ჩადიან და თავის დაფინანსებულ ორგანიზაციებს უბიძგებენ კანონი დაარღვიონ.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონორები აქეზებენ თუ ურჩევენ მათ, დარეგისტრირდნენ სხვა ქვეყანაში, როგორც ორგანიზაცია და ამ შემთხვევაში გააგრძელებენ მათ დაფინანსებას. ეს საერთოდ აბსურდია.

ყველა ორგანიზაციას მოვუწოდებ, რომ დარეგისტრირდნენ და ქართველი ხალხის მიმართ გამჭვირვალე იყვნენ. ვხედავთ, რომ თურმე, ბევრი ჰქონია დასამალი ზოგიერთ დონორს და ზოგიერთ NGO-ს, რომ ასეთ რაღაცებზეც მიდიან, რომ ოღონდ არ თქვან რა ფულს იღებენ და რაში ხარჯავენ… რა კანონიც იქნება, ის უნდა აღასრულოს ყველა ორგანიზაციამ, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს და უზენაესობის გაგება. მეორე, ვინც არ ეთანხმება, გაასაჩივროს და სასამართლოში იდავოს, მაგრამ არავის აქვს უფლება, არც NGO-ს, არც უცხო ქვეყანას, არც უცხო ქვეყნის წარმომადგენელს, შეეცადოს პარლამენტის გადაწყვეტილებების კორექტირებას სასამართლოს გარეშე, ეს არის პირდაპირი ჩარევა საკანონმდებლო საქმიანობაში, ეს არის ზუსტად რუსული მიდგომა, რასაც ეს NGO-ები და ზოგიერთი ორგანიზაციები აკეთებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.