მოგიწოდებთ, შეწყდეს ძალადობა, აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში, პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საპარლამენტო საქმიანობა განაახლეს და 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს.
პარლამენტის თავმჯდომარემ საპროტესტო აქციები შეაფასა.
„დღეს ჩვენ განვაახლეთ საპარლამენტო საქმიანობა, ჩატარდა ბიუროს სხდომა, დავამტკიცეთ დღის წესრიგს, ამ კვირის ბოლოს დავხურავთ საშემოდგომო სესიას, ხოლო შაბათს, 14 დეკემბერს, შედგება საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველო პრეზიდენტის არჩევა.
განვლილი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ საპროტესტო აქცია, რომლის ეპიცენტრიც იყო აქ, პარლამენტის სასახლის გარშემო და რომელიც სამწუხაროდ ყოველდღიურად იღებდა ძალადობრივ ხასიათს. ბუნებრივია, ჩვენ ვნახეთ მშვიდობიანი დემონსტრანტებიც, რომლებიც აქ დგომით გამოხატავდნენ თავის პროტესტს თუ სოლიდარობას, თუმცა ვნახეთ უკიდურესად აგრესიული ჯგუფებიც, რომლებმაც მთლიან აქციას მისცეს ძალადობრივი ხასიათი. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო საპოლიციო ძალებს, რომლებმაც, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ძალადობის შესაჩერებლად და მართლწესრიგის აღსადგენად.
ძალადობრივი ჯგუფებისგან ინიცირებულ და გამოწვეულ შეტაკებებს არაერთი დაზარალებული ჰყავს. მინდა, თითოეულ მათგანს ვუსურვო ჯანმრთელობა. რაც მთავარია, მინდა, კიდევ ერთხელ, როგორც წინა დღეებში, გავაკეთო მოწოდება, რომ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას. საზოგადოება დაიღალა და ჩვენ ვხედავთ ამას. ჩვენ ვართ უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ გვესმის ყველას ხმა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას დღევანდელ დღეს გააჩნია უმთავრესი ვალდებულება, უზრუნველყოს წესრიგი და არ დაუშვას არეულობა და რაიმე უმართავი პროცესი.
პაპუაშვილის თქმით, ამ მიმართულებით კომპრომისი ვერ იქნება.
„გადატრიალების თუ სხვა რევოლუციური იდეებით შეპყრობილ პოლიტიკურ აქტივისტებთან ანგარიშის გაწევას ბუნებრივია არ ვაპირებთ.
ჩემი მიმართვა ეხება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სტიქიურად გამოხატავს პროტესტს, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციას არ აქვს ტრიბუნა, არ გვესმის მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ მთავარი მუხტი, რითაც მიმდინარე პროტესტი იკვებება, არის ჩატარებულ არჩევნებზე განცდილი მარცხი, როდესაც ამომრჩევლის ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ამომრჩევლის სრული უმრავლესობის დარწმუნება, გამოეცხადებინა მისთვის ნდობა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
სწორედ ეს იმედგაცრუებაა, ის მუხტი, რაც მიმდინარე პროცესს ასაზრდოებს. ჩვენ ეს გვესმის. თუმცა დროა პროცესი დაბრუნდეს იმ კალაპოტში, რასაც გვკარნახობს საჯარო პოლიტიკის ფორმალური შინაარსი. არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ შედეგს და ეს ყველამ უნდა აღიაროს. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული პოზიცია, სჯობს ღიად დააფიქსიროს და შესაბამისი პასუხიც მიიღოს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.