მნიშვნელოვანია, ტრამპის წერილი აშშ-ის ახალ პოლიტიკაში გადაითარგმნოს, იმედია, ის უაზრო პროპაგანდა დასრულდება, რაც მთავრობის აღიარება-არაღიარებას ეხება-ლევან მახაშვილი

10
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტის წერილი კარგი პირველი ნაბიჯია, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს ნაბიჯი გადაითარგმნოს ამერიკის ახალ პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით უნდა გამოიხატოს.

„წერილს არც გავაზვიადებდი და არც დავაკნინებდი. არ დავაკნინებდი, რადგან ეს ცალსახად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. იმედი გვაქვს, ამით ის უაზრო პოლიტიკური პროპაგანდა დასრულდება, რაც მთავრობის ვითომ აღიარება-არაღიარებას ეხება. მეორეს მხრივ, წერილის მნიშვნელობას არც ზედმეტად გავაზვიადებდი იქიდან გამომდინარე, რომ ეს კარგი პირველი ნაბიჯია, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს ნაბიჯი გადაითარგმნოს ამერიკის ახალ პოლიტიკაში. იმედია, ეს არის პირველი ნაბიჯი ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. საქართველოს პრემიერმა წერილშიც განაცხადა, რომ გადატვირთვა რაღაც ნაბიჯებში უნდა გამოიხატოს. სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით უნდა გამოიხატოს და კონკრეტულ აქტივობებზე უნდა შევთანხმდეთ“, – გაანაცახდა ლევან მახაშვილმა.