მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საბერძნეთის მიერ მართვის მოწმობების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება, მათ ექნებათ შესაძლებლობა, მარტივად აიღონ ბერძნული მართვის მოწმობა-მაკა ბოჭორიშვილი

7
spot_img

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის პარლამენტის მიერ ქართული მართვის მოწმობების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და დადებითად შეაფასა როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობის კონტექსტში, ასევე იმ პრაგმატული თვალსაზრისით, რაც ამ გადაწყვეტილებას საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვს.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაში მნიშვნელოვანია პოზიტიური დღის წესრიგი და საბერძნეთის პარლამენტის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში არსებულ აქტუალურ საკითხებს.

„საბერძნეთის პარლამენტის მიერ მართვის მოწმობების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საბერძნეთში იმყოფებიან და ამ ქვეყანაში საქმიანობენ. ყოველგვარი გამოცდის გარეშე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, გაცვალონ მართვის მოწმობები და გარკვეულწილად ეს ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას, თუკი ასეთი ინტერესი აქვთ მათ საბერძნეთში. რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

2025 წლის 8 აპრილს საბერძნეთის პარლამენტში ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა შეთანხმება „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“.