“მნიშვნელოვანი თარიღის მოლოდინში ვართ” – დიმიტრი მედვედევი ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევთან შეხვედრაზე

190
spot_img

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. ლიდერებს, ასლან ბჟანიას და ალან გაგლოევს, შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

„მნიშვნელოვანი თარიღის მოლოდინში ვართ – მე-15 წლისთავი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან. ეს ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, რომელიც რუსეთმა 2008 წელს მიიღო, მაგრამ რომელმაც კავკასიაში მშვიდობა უზრუნველყო, უზრუნველყო რესპუბლიკების მცხოვრებლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დიდი ამოცანების შესრულება,” – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა.

მისი აზრით, მას შემდეგ რუსეთისა და ორი ე.წ. რესპუბლიკის ურთიერთობები კარგად ვითარდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მადლობა გადაუხადა მედვედევს “აფხაზური სახელმწიფოებრიობის განვითარებაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის.”

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ასევე გადაუხადა მადლობა მედვედევს „2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებებისთვის“, რომლებმაც, მისი თქმით, „შესაძლებელი გახადა ქართული აგრესიის შეჩერება.”