ჩვენი მოწოდება იყო საზოგადოების მიმართ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო და რეალურად, ეს ასე მოხდა – ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რაც ჩვენ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო არჩევნები შეაჯამა.
მისი თქმით, ის, რომ მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, მეტყველებს, „როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, მმართველი გუნდის მიმართ და ცალკე არსებული ოპოზიციის მიმართ“.
„მოხარული ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რაც ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან, ეს არის ნდობა მმართველი გუნდის მიმართ და ეს არის ნდობა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას. ეს ნდობა უპრეცედენტოა, მათ შორის ეს გამოიხატება ხმების რაოდენობით, აქტივობით, რაც არჩევნებზე დაფიქსირდა. ჩვენი მოწოდება იყო საზოგადოების მიმართ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო და რეალურად, ეს ასე მოხდა. უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა ამ არჩევნებზე. ჩვენი უამრავი თანამოქალაქე გამოვიდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მშვიდობის დასაცავად და საქართველოს შეუფერხებელი, შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, რომელიც ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მოქმედებდა.
მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, მმართველი გუნდის მიმართ და ცალკე არსებული ოპოზიციის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.