
რომელი ინფრასტრუქტურული პროექტებით არის დაინტერესებული ჩინეთის მთავრობა და როგორი დამოკიდებულება აქვს ჩინეთს ანაკლიის პორტის მიმართ, – ამ საკითხებზე ისაუბრა „დღის ქრონიკაში“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ჩინეთის სტატისტიკის თანახმად, ჩინური ინვესტიციების მთლიანი მოცულობა საქართველოში უკვე 1.3 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
„ჩინეთი მსოფლიო ლიდერია ინფრასტრუქტურის სფეროში თავისი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით. საქართველოს E60 ჩქაროსნული მაგისტრალის ძირითადი მონაკვეთები სწორედ ჩინურმა კომპანიებმა ააშენეს. ყველას შეუძლია პირადად დარწმუნდეს, რომ ამ მაგისტრალმა ბევრად მოსახერხებელი გახადა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა.
ინფრასტრუქტურული კავშირების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია „სარტყლისა და გზის” ინიციატივაში. ამ ინიციატივის წამოწყების პირველი ათწლეულის განმავლობაში, ჩინეთმა ინვესტიციების სახით დაახლოებით 1 ტრილიონი აშშ დოლარი გამოყო, რომლის დიდი ნაწილი დაეთმო „სარტყლისა და გზის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნების ინფრასტრუქტურის განვითარებას.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას. მრავალი ჩინური კომპანია გამოხატავს დაინტერესებას საქართველოს ინფრასტრუქტურასა და განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტირების.
ჩინეთის სტატისტიკის თანახმად, ჩინური ინვესტიციების მთლიანი მოცულობა საქართველოში უკვე 1.3 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც საქართველოს აქცევს ჩინეთის უმსხვილეს ინვესტიციის მიმღებ სახელმწიფოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ ანაკლიის პორტს, „ჩინეთის კომუნიკაციების სამშენებლო კომპანიის (CCCC)“ ხელმძღვანელობით შექმნილი კონსორციუმი, როგორც ერთადერთი შერჩეული მხარე, ამჟამად აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ქართულ მხარესთან საბოლოო შეთანხმებაზე.
ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ მომავალში უფრო მეტი ჩინური კომპანიის შემოსვლას საქართველოში, რათა განახორციელონ ინვესტიციები და თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ტურიზმი და ლოგისტიკა, რომლის მეშვეობითაც ჩინეთი თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში“, – აღნიშნა ჭოუ ციენმა.